სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გეგმავენ კოორდინირებული მუშაობითა და ერთობლივი ძალისხმევით მოამზადონ პროფესიონალი კადრები; იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდეს პრაქტიკული სასწავლო კურსი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.
სამინისტრო იღებს ვალდებულებას, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა განსაზღვრულ კონტინგენტს სისტემაში პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების შეძენის მიზნით, სასწავლო პრაქტიკის გავლაში დაეხმაროს. უნივერსიტეტი კი მზადაა, რომ სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად განახორციელოს პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლის მსურველ სტუდენტთა ღია კონკურსის წესით შერჩევა და სამინისტროდან მიღებული დახასიათებების საფუძველზე განახორციელოს მათი შეფასება.
აღნიშნული მემორანდუმი რიგით მესამეა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა.
17.03.14