საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის ქმედებები “მშვიდად, მაგრამ პრინციპულად შეაფასოს”.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია გუშინ ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ რეალურად, ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას არა მთლიანად რეგიონში, არამედ ფაქტობრივად იმ გლობალურ წესრიგს, რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის მერე ფუნქციონირებდა. ასეთი საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება. პირველი – ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც დადებითი ტენდენცია ჰქონდა, რისი შედეგიც იყო 1994 წლის შეთანხმება, რომლითაც უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო, სერიოზული დისკრედიტაცია შეიძლება, შეექმნას. მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს. მსოფლიო რუკა იცვლებოდა, ხდებოდა ქვეყნების დანაწილება. რა თქმა უნდა, არსებობდა კონფლიქტები, მაგრამ არ ხდებოდა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მიერთება. ეს არის პრობლემა გლობალურად მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, უაღრესად მშვიდად, მაგრამ ამავდროულად პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება და, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების, სამხედრო ძალის, არამედ დიპლომატიური გზების მეშვეობით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
19.03.14