არასამთავრობო ორგანიზაციები საყდრისში მონიტორინგის განსახორციელებლად გერმანული მხარის მიერ დასახელებული ხუთი საერთაშორისო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების – “ICOMOS საქართველო”, ლურჯი ფარი”, სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი”, CENN (კავკასიის გარემოს დაცვითი ქსელი), “კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი” წარმომადგენლებმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული საბადოს თემაზე პრესკონფერენცია გამართეს.
“ICOMOS საქართველოს” წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლურჯი ფარის” თავმჯდომარის მანანა თევზაძის თქმით, მათი მოთხოვნაა, საყდრისთან დაკავშირებით სამინისტროს ბოლო განკარგულება გასაჯაროვდეს. მისივე განცხადებით, ეჭვი აქვს, რომ გარკვეული დანაშაულების ნიშნები იკვეთება.
მანანა თევზაძის განცხადებით, ისინი ასევე მოითხოვენ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით, დაუყოვნებლივ შესრულდეს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისთვის მიცემული დაპირება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის თაობაზე. კერძოდ, მადრიდის, ტულუზის, ინსბრუკის, კორკისა და სოფიას უნივერსიტეტებიდან და ამ ნუსხას დაემატოს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული სამთო არქეოლოგიის სპეციალისტი.
ამასთან, პრესკონფერენციის ორგანიზატორები მიმართავენ ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება საზოგადოების წარმომადგენელთა, ჟურნალისტთა და იმ არქეოლოგთა თანხლებით, რომლებიც ძეგლს იცნობენ და საზოგადოების ნდობას იმსახურებენ.
პრესკონფერენციაზე კომპანია RMG Gold-ის მიერ გარემოს დაბინძურებაზეც ისაუბრეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ კომპანიის მხრიდან ყველა მიმართულებით შეინიშნება დარღვევები, სახელმწიფოს კი კომპანიის საქმიანობაზე არანაირი ზემოქმედება არ აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ სამინისტრო ძეგლს არ იცავს.
19.03.14