ხოსე მანუელ ბაროზომ მითხრა, როგორც კი შენი მთავრობა დაგაპატიმრებს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობაო , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შარშან ნოემბერში ბრიუსელის ინიციატივით ბრიუსელში მისი ორი ვიზიტი შედგა, ერთი იყო ევროპარლამენტში რომპეისთან და მეორე ევროკავშირის პრეზიდენტ ბაროზოსთან.
“ხოსე მანუელ ბაროზომ მითხრა, რომ როგორც კი შენი მთავრობა შენ დაგაპატიმრებს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობა და მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს საკითხს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი გაჩერდეს. ამიტომ, შენ უნდა გესმოდეს შენი როლი რა არის, თუ შენ მზად ხარ, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით შეაჩერო სვლა ევროპისკენ, შენ შეგიძლია დარჩე საქართველოში და მაშინ აღმოჩნდები ციხეში და ნუ ჩვენც დავიბანთ ხელებს და საქართველოს პრაქტიკულად გადავაბარებთ პუტინს, ასე გამოუვიდა, ამ სიტყვებით არ უთქვამს. თუ არა და დროებით იქნებ გამოერიდო, რათა არ მისცე მათ ეს ცდუნება, რომ ეს გეგმა განახორციელონო”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეს საკითხი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ხელმძღვანელმა, მათ შორის ჯონ ქერიმ მასთან საუბრისას ახსენა.
“ჩვენი ინფორმაციით, ისინი ამას აპირებენ და თქვენ გადაწყვიტეთო. გიგა ბოკერიას სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთმა მოადგილემ უთხრა, რა თქმა უნდა მას უფლება აქვს გვითხრას, ერთი თქვენიცო და მაინც ჩაბარდეს და წავიდეს ციხეშიო, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არ არის მარტო მიშას საკითხიო, ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს კარი ავტომატურად მოიკეტება და ავტომატურად ყოველი შემდგომი პროგრესი შეჩერდებაო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
26.03.14