17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “იდენტობა” თბილისში აქციას აღარ გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქში” “იდენტობის” ხელმძღვანელმა, ირაკლი ვაჭარაძემ გაავრცელა.
“დაიწყო უკვე კოშმარული სცენარების განვითარება. ამ თემაზე მკითხაობა რომ მორჩეს, ვაცხადებ: 17 მაისს საერთოდ არ ვგეგმავ საქართველოში ფიზიკურად ყოფნას; ადამიანის უფლებების დაცვა 15 წუთით, 17 მაისს არ ხდება. მე პირადად ამას ვაკეთებ წელიწადში ყველა დღეს, შაბათ-კვირის ჩათვლით. ასე რომ 17 მაისი ჩემთვის საკრალური დღე ნამდვილად არ არის ამ აზრით.
ამას გარდა, ჩემთვის არ არის ცნობილი რაიმე სხვა ღონისძიების შესახებ, რომელიც 17 მაისს შეიძლება იგეგმებოდეს სხვა რომელიმე ორგანიზაციის მიერ.
თუ მართლა გაწუხებთ ადამიანის უფლებები, 17 მაისის გასკანდალებით ამას ვერ მიაღწევთ. თქვენი სპეკულაციების მხარდაჭერა კი “იდენტობას” არაფერში აწყობს ან აინტერესებს. 17 მაისი ჩვენთვის არ არის რაიმე მატერიალური სიკეთის მომტანი, არც გრანტების, მათ შორის.
ამიტომ, რადგან ეს დღე ასეთ სიძულვილს იწვევს, ჩვენ არ გვსურს ვინმეს ჯინაზე, სოციალური უფსკრულის გაღრმავება.
ასე რომ, შინაური და გარეული მედია სჯობს შეეშვას ადამიანის უფლებებით სპეკულაციას. ყველასთვის ასე აჯობებს. შესაბამისად, არც ერთ მედიას არ მივცემთ არც ერთ ინტერვიუს 17 მაისთან დაკავშირებით, რადგან აბსოლუტურად არაფერს არ ვგეგმავთ ამ დღეს”, – წერს ირაკლი ვაჭარაძე.
2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდნენ. ისინი “იდენტობის” მიერ რუსთაველზე დაგეგმილ ფლეშმობის ჩატარებას აპროტესტებდნენ. დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ლგბტ აქტივისტებმა დაგეგმილი ფლეშმობი ვერ ჩაატარეს, თუმცა დაპირსპირების დროს 28 ადამიანი დაშავდა.
Discussion about this post