“საქართველო განუხრელად მისდევს ევროპული ინტეგრაციის კურსს, რაც ქვეყნის, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან: პერსპექტივები და შესაძლებლობები“ გამოსვლისას.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრი მიესალმა ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნას, რომელშიც ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს ხელი მოაწეროს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის გააქტიუროს რეფორმების პროცესი, რათა მომზადდეს მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის, ისევე როგორც გააგრძელოს დემოკრატიული განვითარების ურყევი კურსი, რითაც ქვეყანა საბოლოოდ დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო რეფორმების სტრატეგიის შედგენა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული შესაბამისი ვალდებულების გათვალისწინებით. ამასთანავე, ჩვენ ფაქტობრივად ვასრულებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ე.წ. „ასოცირების დღის წესრიგთან“ დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს შეთანხმების განხორციელებისა და ამ პროცესისთვის მომზადების ხელშეწყობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში“- განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭობის რეჟიმის მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც აღნიშნული შეთანხმება ბიზნესის განვითარებისთვის შექმნის.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში მობილურობის გაზრდის მნიშვნელობას. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამ მიზნით მთავრობა ახორციელებს მაქსიმალურ ძალისხმევას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულებისათვის.
საგარეო საქმეთა მინისტრი, საკუთარ გამოსვლაში მიესალმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული პროცესების ფონზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის პოლიტიკურ მხარდაჭრას და ევროპული პერსპექტივის გახსნას.
„ასოცირების პროცესს ჩვენ განვიხილავთ როგორც ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ამ კუთხით, „მოწინავე“ აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მკაფიო და ძლიერი გზავნილები ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი, ევროპულ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული წარმატებული რეფორმების გატარებას“ – აღნიშნა მინისტრმა, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
27.03.14