იუსტიციის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც “თბილისი თაიმს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მემორანდუმს, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემები ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს, მეორე მხრივ კი, ისეთ სისტემას ამკვიდრებს, რომელიც მოქალაქეებისათვის ქონების რეგისტრაციის პროცესს კიდევ უფრო მარტივს გახდის.
მემორანდუმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრირებული უძრავი ნივთებისა და ტყის ფონდის საზღვრების საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ბაზებს, ორთოფოტოებსა და 1997-2006 წლებში საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების მიერ ჩატარებული მიწების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ მონაცემებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადასცემს, რაც დაცული ტერიტორიების ზუსტი საზღვრების დადგენას უზრუნველყოფს და დაცული ტერიტორიების არაკანონიერი გასხვისების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.
“დღეის მდგომარეობით, დაზუსტებული საზღვრების არარსებობის გამო, მოქალაქეები დაცული ტერიტორიების მიმდებარე ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. დაცული ტერიტორიების საზღვრების საბოლოოდ დადგენის შემდეგ, ამ მონაცემთა გათვალისწინებით, მოხდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა. რაც შეეხება სარეგისტრაციო ქონებას, ერთიანი მონაცემები საჯარო რეესტრის სააგენტოს საშუალებას მისცემს, განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ქონების რეგისტრაციის თაობაზე და დაარეგისტრიროს მათი უძრავი ქონება.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სამინისტროს, დაადგინოს ტყის საზღვრები და აღმოფხვრას სატყეო ზონაში მოხვედრილი ნაკვეთების არაკანონიერი გასხვისების შემთხვევები, იუსტიციის სამინისტროს კი საშუალებას მისცემს, სწრაფად და შეუფერხებლად დაურეგისტრიროს საკუთრების უფლება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უძრავ ქონებას დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ფლობენ”,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
28.03.14