დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა გასულ წელს დავიწყეთ და 2016 წელს ეს პრობლემა ძირითადად იქნება გადაჭრილი , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დადიანების სასახლეში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსს დევნილებისთვის. ეს ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ, თუმცა მე მესმის, რომ ეს არის მიზერი და არ არის საკმარისი. ეს არის ძალიან მცირედი, რასაც ჩვენ ვახერხებთ. ჩვენ, აქ სამეგრელოში ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 10-მილიონიანი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ. ზუგდიდში შენდება რვა საცხოვრებელი კომპლექსი. მშენებლობაზე დევნილები არიან დასაქმებული და ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ მხრივ ამოვდგომოდით მათ მხარში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობა არ ყოფს დევნილებს კატეგორიებად, “როგორც ეს აქამდე ხდებოდა”.
“ჩვენი ხელისუფლების პირობებში საშუალოდ 2000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი პირობებით. ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი განსახლების პროგრამას. დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და უკვე 2016 წელს ეს პრობლემა ძირითადად იქნება გადაჭრილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
02.04.14