აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის – ახალი და ხარისხიანი კვერცხის შეძენა. საქართველოში კვერცხის მწარმოებელ კომპანიათა რიცხვი არც ისე დიდია. ”თბილისი თაიმსი” დაინტერესედა შეიცვლება თუ არა კვერცხის ფასები წინასააღდგომოდ.
გამოიკითხა კვერცხის მწარმოებელი 4 კომპანია. აღმოჩნდა, რომ არცერთი კომპანია წინასააღდგომოდ ფასების ზრდას არ გეგმავს, ორ კომპანიაში კი (”დილა” და ”კუმისი”) მოსალოდნელია კვერცხზე ფასების კლება. გამოკითხული კომპანიები ბაზარზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იაფი იმპორტირებული საქონლის შემოსვლაზე საუბრობენ.
დილა : ” ჩვენი კომპანია კვერცხზე ფასის ზრდას არ გეგმავს, პირიქით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსალოდნელია ფასების კლება. წინა წელთან შედარებით კვერცხზე ფასები არ შეცვლილა. ჩვენი კომპანია წინასააღდგომო პერიოდში 27 ათასი ყუთი კვერცხის რეალიზაციას გეგმავს. ქვეყანაში ძალიან ბევრი იმპორტირებული კვერცხი შემოდის, რაც ქართული წარმოების კვერცხის გაყიდვას უშლის ხელს, იმპორტირებული კვერცხის ღირებულება უფრო დაბალია ამიტომაც ის უფრო მეტად იყიდება. კომპანია „დილის“ პროდუქტები წინასააღდგომოდ სიახლეებს არ გეგმავს. ბაზარი ძალიან კონკურენტულია, ჩვენი წილი კი 40-50%-ს შეადგენს.”
კუმისი: ” ჩვენი კომპანია აღდგომის პერიოდში ფასების ზრდას არ გეგმავს, სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი დაიკლებს. წინა წელთან შედარებით ფასები არ შეცვლილა. კუმისი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაახლოებით 8 ათასი ყუთის რეალიზაციას გეგმავს. საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის იმპორტირებული კვერცხი, რომელიც დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივი წარმოების კვერცხს, რადგანაც ფასები დაბალია, ქართული წარმოების კვერცხის თვითღირებულება კი მაღალი. ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, კუმისის წილი კი საქართველოს კვერცხის ბაზარზე – 10%-ია. კუმისი სადღესასწაულო პერიოდში სიახლეებს არ გეგმავს”
პატარძეული: ” წინასააღდგომო პერიოდში ჩვენი კომპანია კვერცხზე ფასის ზრდას ან კლებას არ გეგმავს, არსებული ფასები შენარჩუნდება. წინა წელთან შედარებით ფასები სტაბილურია და არ შეცვლილა. აღდგომასის დღესასწაულთან დაკავშირებით 100 000 კვერცხის რეალიზაციას ვგეგმავთ. ძალიან ბევრია იმპორტირებული კვერცხი, რომელიც ადგილობრივს უქმნის ძალიან დიდ პრობლემას, იმპორტირებული საქონლის ღირებულება უფრო დაბალია, ამიტომაც ვშიშობთ, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი გაფუჭდეს, დალპეს და არ გაიყიდოს. ბაზარი ძალიან კონკურენტულია, ჩვენი წილი კი საქართველოს კვერცხის ბაზარზე 10- 15 %-ს შეადგენს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავსირებით სიახლეები არ იგეგმება.”
ალგეთი: ”აღდგომის პერიოდთან დაკავშირებით ჩვენი კომპანია კვერცხის ფასის ცვლილებას არ გეგმავს, თუმცა წინა წელთან შედარებით წელს გაცილებით მაღალია კვერცხის თვითღირებულებაც და სარეალიზაციო ფასიც. კომპანია „ალგეთი“ წინასააღდგომოდ დღეში – 27 000-ი კვერცხის რეალიზაციას გეგმავს. ქვეყანაში დიდი რაოდენობით იმპორტირებული კვერცხია შემოსული, რომელიც დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივს, იმპორტირებული კვერცხის ღირებულება შედარებით დაბალია, ამიტომაც ადგილობრივი უფრო ნაკლებად იყიდება. ბაზარი ძალიან კონკურენტულია, კონკურენციას განსაკუთრებით ამძაფრებს იმპორტირებული პროდუქცია. ჩვენი წილი ბაზარზე 10-15%-ს შეადგენს. წინასააღდგომოდ ჩვენი კმპანია სიახლეებს არ სთავაზობს მომხმარებელს.”
“თბილისი თაიმსი” ასევე დაუკავშირდა კომპანია ”კოდას”, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს, როგორც მათ განაცხადეს, ერთი წელია ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებენ. კომპანიაში ამ გადაწყვეტილების მიზეზს ვერ ასახელებენ.
02.04.14
ნინა პირტახია
Discussion about this post