უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველო ISAF-ის სამშვიდობო მისიაში? ამ საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 2013 წელს განხორციელებულ ტერაქტს შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. საერთო ჯამში, მისიაში დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. ყოველივე ამის გამო, ბუნებრივია, საზოგადოებაში კითხვები ჩნდება: რატომ იბრძვიან ქართველები ავღანეთში? მზარდი საფრთხის პარალელურად, რატომ იზრდება სამხედრო კონტიგენტის რაოდენობაც? რა არის ქართული სახელმწიფოს მიზანი და რა შედეგების მომტანია ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნისთვის?
„სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარებულ კვლევაში დასმული იყო შეკითხვა: „თქვენი აზრით, უნდა აგზავნიდეს თუ არა საქართველო სამხედრო კონტიგენტს NATO-ს სამხედრო მოქმედებების ზონებში?
ეს გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში არსებობს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია, რომლებიც მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავღანეთში ქართული კონტიგენტის ყოფნა აუცილებლია, რადგან ეს არის საერთაშორისო მისია, რომელში მონაწილეობაც ჩვენი ვალდებულებაა და ვასრულებთ იმ მისიას, რომელიც, სამომავლოდ საქართველოს უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული.
საჭიროა საკითხს უფრო გლობალურად შევხედოთ და ჩვენი მოსაზრება იყოს მოცემული რეალობის ადეკვატური. ზოგადად, ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ემსახურება. თალიბანის, ალ-ქაიდასა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების განადგურება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დროზე, ნაციზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ეს დაჯგუფებები უდიდეს საფრთხეს უქმნიან დასავლური სამყაროს ფასეულობებს და ბრძოლას უცხადებენ ყველაზე მთავარ ღირებულებას – თავისუფლებას, რაც მათი ტოტალიტარული იდეოლოგიის გამაერთიანებელია. მოკავშირეების შესაძლო მარცხი გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ანტიდასავლურ ქვეყნებს, რომელთა შორის რუსეთიცაა, საშუალებას მისცემს უფრო თავისუფლად იმოქმედონ. შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ ბრძოლაში დემოკრატიული ძალების გამარჯვება და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ISAF-ის მისიაში მონაწილეობას დიდი სარგებელი მოაქვს ქართული ჯარისთვისაც, რომელიც იღებს მნიშვნელოვან და სასარგებლო გამოცდილებას. ეს ყოველივე აძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ქართველი ჯარისკაცები რთულ გარემოში სამხედრო ოპერაციების წარმოების უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეს გარემოება კი ხელს უწყობს საბრძოლო გამოცდილების შეძენასა და საომარი შესაძლებლობების გაძლიერებას. ავღანეთში ჩვენი ბატალიონები ისეთ უნიკალურ გამოცდილებას იღებენ, რომელსაც უბრალო წვრთნის დროს ვერ შეიძენდნენ. ქართველ სამხედროებს შეხება აქვთ ყველაზე თანამედროვე იარაღთან, ჯარისკაცები უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას უშუალოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებით იღებენ, მათთან ბრძოლა ოფიცრებსაც საკმაოდ დიდ პრაქტიკულ ცოდნას აძლევს. ასეთ პირობებში მეთაურები სწავლობენ თუ როგორ უნდა შეასრულონ დავალება ისე, რომ მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამედროვე და დასავლური ტიპის არმიის შექმნაა. ISAF-ის მისიაში მონაწილეობა NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად ხელს უწყობს ქართული ჯარის სამომავლო განვითარებას. გარდა საომარი გამოცდილების მიღებისა, ამ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით საქართველო ადასტურებს, რომ ის არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა, არამედ ის აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის მისიაში, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, იქ უნდა იყოს შედარებით მცირე კონტიგენტი, ვინაიდან ერთი ჯარისკაცის დაღუპვაც კი ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა და არ არსებობს არანაირი ტექნიკური კომპენსაცია, რომელიც ამ დანაკარგს შეგვიმსუბუქებს. რაც უფრო მეტია სამხედროების რაოდენობა, მით უფრო მეტი შანსია, მოხდეს ასეთი ტრაგედია. ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, შეიძლება, იყოს ნაკლები მასშტაბის და სიმბოლურიც. ამასთან, შესაძლებელია, ამ მისიაში წარმოდგენილი ვიყოთ სამხედრო ინსტრუქტორების ექიმების და სხვადასხვა დონის წარმომადგენლობით და გვყავდეს გაცილებით ნაკლები ისეთი სამხედრო, რომელიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. საჭირო გამოცდილებას ჩვენი სამხედროები მაშინაც მიიღებენ, თუ ავღანეთში სხვადასხვა დროს რამდენიმე ასეული გაიგზავნება, რომელიც მსოფლიოს თანამეგობრობის გვერდი-გვერდ შეეცდება სიტუაციის დარეგურილებას ამ ქვეყანაში. ავღანეთის სამშვიდობო მისიის დასაგმობად ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ მაგალითად ის გარემოება, რომ ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ჯარისკაცები მალევე ტოვებენ სამხედრო სამსახურს, იმის გამო, რომ ჯარში არ არის ჯანსაღი გარემო და საკუთარი ღირსეული პროფესიის განვითარების პერსპექტივები. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ მხრივ ბოლო დროს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მონაწილე და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის უწყება ფსიქიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. დასაფასებელია ისიც, რომ დაჭრილი სამხედროები რეაბილიტაციის შემდეგ საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და გააგრძელებენ სამსახურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
გასაგებია, იმ ადამიანების მოსაზრებაც, რომლებიც ზრუნავენ ქართველ ჯარისკაცებზე და დაუშვებლად მიიჩნევენ მათ ყოფნას ავღანეთში, მაგრამ არასწორად მიგვაჩნია ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, თურმე ავღანეთში სამხედროები, ძირითადად, ფულის გამო მიდიან: “ქართველები იქ კი არ იბრძვიან, არამედ ფულს აკეთებენ “,ქართველებს, ამერიკელებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ოკუპირებული აქვთ უცხო მიწა“ – ასეთი მოსაზრებები, უპირველეს ყოვლისა, არაეთიკურია და ამით ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ ჯარს, რომელიც გვიცავს და ერთადერთი იმედია კრიტიკულ სიტუაციაში. ხშირად არ ვაცნობიერებთ შექმნილ მდგომარეობას, ვგლოვობთ, მაგრამ მათ მსხვერპლს უაზროს ვუწოდებთ, საკითხს არაადეკვატურად აღვიქვამთ და დარწმუნებულები ვართ საკუთრი მოსაზრების სისწორეში. თავი მოგვაქვს იმ დიდი მოაზროვნეებითა და გმირებით, რომლებიც საბედნიეროდ არაერთია ჩვენ ისტორიაში, მაგრამ ვინ იცის, სინამდვილეში ისინი რომ ჩვენი თანამედროვეები ყოფილიყვნენ მათაც არ აცდებოდათ დაუმსახურებელი, კრიტიკა. „ჩვენ ვართ ერი, რომელსაც თავისი თანამედროვე გმირები არ უყვარს და გიჟდება მკვდრებზე“. (ნათია მეგრელიშვილი, გაზეთი „24 საათი“) უდავოა რომ ქართული სამხედრო კონტიგენტის გარკვეული ნაწილის ძირითადი მოტივაცია ანაზღაურებაა, მაგრამ ბევრია ისეთი ვისაც სამხედრო საქმე აინტერესებს და სამხედრო კარიერაში წინსვლა სურს. ეს ჯარისკაცები არ არიან ფულზე გაყიდულები, ისინი საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლოს ინტერესებს ემსახურებიან. ამ საკითხზე მსჯელობისას ყველაზე დამაჯერებელი რეაქცია საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ჰქონდა, რომელმაც მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, მან „ გამოუვალი მდგომარეობით ნაკარნახევ მძიმე ვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება“. (კობა ლიკლიკაძე „რადიო თავისუფლება“) უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველო აღარ მიიღებს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში , მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ და თუ ეს მოხდება მაშინ ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როცა მავთულხლართებს 200 მეტრით კი არა 100 კილომეტრით, რომ გადმოწევენ.
ამ ყველაფრის ფონზე ნათელია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სამხედროების ყოფნა ავღანეთში, ეს პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებასთან. ჩვენი ჯარისკაცები უცხო მიწაზე, საქართველოდან შორს საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლოს ინტერესებსა და უსაფრთხოებას იცავენ. უკვე აღვნიშნეთ, რომ სამხედრო კონტიგენტის ამ რაოდენობით ყოფნა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, მაგრამ მისიაში მონაწილეობა ამ შემაძრწუნებელი დანაკარგების მიუხედავად აუცილებელია.
ლაშა ჩანტლაძე
(დავითიანნი – ისტორიის კომიტეტი)