საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. საელჩოს შენობის ინაუგურაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მაია ფანჯიკიძემ და მიროსლავ ლაიჩაკმა მიმართეს. „სლოვაკეთსა და საქართველოს ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა საქართველოს მომავლის. ჩვენ გვსურს ვიხილოთ წარმატებული, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც აიხდენს თავის ოცნებებს და შეუერთდება ევროპულ და ევრო-ატლანტიუკურ სტრუქტურებს. სლოვაკეთს სურს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს მომავალ წარმატებაში. ჩვენ გვსურს ვიდგეთ საქართველოს გვერდით და ერთად განვახორციელოთ სტრატეგიული ხედვები და ოცნებები. ჩვენი დიდი სურვილია ორმხრივი დიალოგი გაცდეს პოლიტიკურ სფეროს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები,“- განაცხადა საელჩოს ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მიროსლავ ლაიჩაკმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით თბილისში სლოვაკეთის საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიუთითებს. „ის, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკამ საქართველოში საელჩოს გახსნა გადაწყვიტა, მიუთითებს სწორედ იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც იგი ანიჭებს ჩვენს ქვეყანას და მასთან ორმხრივ ურთიერთობას“-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში საელჩოს გახსნა დაეხმარება ორ ქვეყანას კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა სხვადასხვა სფეროებში. „აქ იყო სუბარი ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, განათლებასა და კულტურაზე. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხში ვიზიარებთ სლოვაკეთის გამოცდილებას, რადგანაც მათ გაიარეს ის გზა, რომელსაც ჩვენ ახლა ვადგავართ, ვგულისხმობ ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესს,“-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრმა წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში საქართველოში სლოვაკეთის საქმეთა რწმუნებულს რუდოლფ მიხალკას. სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში, ნინო ჩხეიძის N38-ში, საქართველოში ევროკავშირის ოფისის შენობაშია განთავსებული.
09.04.14