თბილისში, დიპლომატიური წარმომადგენლობების მხარდაჭერით, „საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია“ დაფუძნდა. აკადემიის მიზანია პიროვნული და პროფესიული უნარებით აღჭურვოს ახალი თაობის პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერები და ხელი შეუწყოს დიპლომატიის მნიშვნელობის ზრდას ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
აკადემიამ პირველი პროექტი „ლიდერთა მასტერკლასები“ უკვე დაიწყო, რომელიც მომავალი ლიდერებისთვის არის განკუთვნილი.„ლიდერთა მასტერკლასები“ უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
პროგრამის კურიკულუმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ პრინსტონის, ვუდრო ვილსონის, ვაშინგტონისა და ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორები.
პროექტის მონაწილეები თეორიულ სწავლებასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და სამთავრობო უწყებებში.
მონაწილეებისთვის განკუთვნილ მასტერკლასებს გაუძღვებიან პრაქტიკოსი პოლიტიკოსები,აკადემიკოსები,ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლები.
აკადემიის დამფუძნებლებია თეონა ლავრელაშვილი და რიტა პროტოპენკო,რომელთაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ,თეონა ლავრელაშვილმა 2011 წელს დაარსა „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი,არჩეულია საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტად და მიიღო სამუშაო გამოცდილება ევროპის პარლამენტში, თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან, რიტა პროტოპენკო არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენის მიზნით აქტიურად მუშაობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობაზე საერთაშორისო ღონისძიებებში, ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
12.04.14
ნინა პირტახია