კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცდა. დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომას თავმჯდომარეობას ბოლოჯერ უწევდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია. სხდომაზე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნულ სტრატეგიაში ცალკეული სამინისტროების მხრიდან იყო გარკვეული შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებულია საბოლოო ვარიანტში. სტრატეგიაზე დაყრდნობით მოხდება სამოქმედო გეგმის დამტკიცება და, შესაბამისად, გადაიდგმება სხვადასხვა ქმედითი ნაბიჯები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო გამყოფი ხაზის მიმდებარე 40-ზე მეტ სოფელში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს, რომელთა ექსპლოატაციაში შესვლაც მაისის თვიდან ეტაპობრივად დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გასტანს. რაც შეეხება კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებას, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, სულ 419 პირი დაფინანსდა. ამ დროისათვის განაცხადებების მიღება უკვე დასრულებულია. დღესვე, კომისიის წევრებმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ 17 აპრილს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბარი დამატებითი საჭიროებების დაფინანსებას შეეხება. 12.04.14