„კვება წამალი უნდა იყოს, ხოლო წამალი – კვება.“ – ეს აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ თუ სწორად ვიკვებებით, საკვები წამლის მაგივრობას გაგვიწევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მივიღოთ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რა ხდება საქართველოში ამ მხრივ,რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები,რომელი პროდიქტია გენმოდიფიცირებული და როგორ უნდა დავიცვათ თავი მავნე პროდუქტისგან ამაზე ,,თბილისი თაიმსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსს კახა სოხაძეს ესაუბრა. რამ განაპირობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანა და რა ძირითადი ცვლილებები იგეგმება?
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი არის ძირითადი ჩარჩო-კანონი, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ზოგადად, ამ სფეროების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტი. დადგა საჭიროება, შესულიყო ცვლილებები, რადგან თავის დროზე, როცა ეს კანონი იქნა მიღებული, გარკვეულ ლაფსუსებს შეიცავდა და იმისათვის, რომ სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ყოფილიყო უფრო ეფექტური, უფრო მეტად ყოფილიყო დაცული ადამიანის ჯანმრთელობა და მომხმარებელთა ინტერესები, დადგა აუცილებლობა კოდექსში შესულიყო საკმაოდ მოცულობითი ცვლილება.
კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე (იგულისხმება სურსათის წარმოება ისეთი ფიზიკური პირების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირად). რამდენად შეესაბამება ეს ევროპულ სტანდარტებს? რატომ არ ხდება კუსტარული წარმოების კონტროლი?
კონტროლი ხორციელდება ბიზნესოპერატორებზე. ბიზნესოპერატორი არის მეწარმე – სუბიექტი, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მისი საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან დისტრიბუციასთან. აღნიშნული კანონი არ ეხება პირადი მოხმარების მიზნით სურსათის დამამზადებლებს და ასევე, ამ ეტაპზე შეიძლება არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ბაზარს არაორგანიზებულად აწვდიან მცირე რაოდენობის სურსათს.
ბატონო კახა, რამდენიმე თვის წინ, ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დადგენა, დღეს რა მდგომარეობაა ამ კუთხით, არსებობს თუ არა მსგავსი ლაბორატორია?
დღესდღეობით საქართველოში არის ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია განახორციელოს გარკვეული კვლევები გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დასადგენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შევარჩიეთ ეს ლაბორატორია. ნებისმიერი შესყიდვა ხდება ტენდერის საფუძველზე და ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვაც ხორციელდება ტენდერის საფუძველზე. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს შესაბამისი სახსრები, სააგენტო სრულ მზადყოფნაშია და უკვე ვიწყებთ ნიმუშების აღებას ლაბორატორიული კვლევისთვის.
თუ არსებობს დღეს სია ან მცირედი ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რომელიც არის გენმოდიფიცირებული და შემოდის ჩვენს ქვეყანაში?
ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო რისკის შეფასებას. ეს გახლავთ სოიოსგან დამზადებული პროდუქტები, სოიოს შემცველი სურსათი, სიმინდი, შესაძლოა, იყოს ბრინჯი და ა.შ. ეს არის საერთაშორისო გამოცდილებით შერჩეული პროდუქტები.
რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, რომ მომწამლავი პროდუქცია არ შეიძინოს. რა რეკომენდაციას და რჩევას მისცემდით მომხმარებელს?
პირველ რიგში, უმთავრესია, მომხმარებელი მოერიდოს არაორგანიზებული სარეალიზაციო ობიექტებიდან, გარე ვაჭრობიდან სურსათის შეძენას, ვინაიდან იქ არ არის უზრუნველყოფილი სურსათის შენახვის პირობები, შეუძლებელია მიკვლევადობა, ანუ არ არის სურსათი ეტიკეტირებული და ა.შ. ამიტომ, ეს პირველი აუცილებელი თხოვნა და რეკომენდაციაა მომხმარებლებისთვის, რომ გარე ვაჭრობის ადგილებში არ შეიძინონ სურსათი; მაქსიმალურად შეეცადონ, იყიდონ ეტიკეტირებული სურსათი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სურსათი არ არის ეტიკეტირებული ან რაიმე სხვა სახის დარღვევაა, ამის შესახებ აცნობონ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“. სურსათი უნდა იყოს ეტიკეტირებული და რაც ყველაზე მთავარია – კარგად გაეცანით ეტიკეტს – სურსათის დასახელებას, მწარმოებელს, როდის არის დამზადებული, ვადაგასულია თუ არა. გარკვეული სახეობის სურსათს გააჩნია შენახვის განსაკუთრებული პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, უნდა ვიცოდეთ, დაცულია თუ არა ტემპერატურული რეჟიმი რეალიზაციის ადგილზე, ასევე, ინგრედიენტები და ა.შ.
15.04.14
ლანა წურწუმია