სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დისკრიმინაციის შესახებ არსებულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას აუცილებლად მიიჩნევს.
როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ის მზადაა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საპარლამენტო განხილვებში.
“თბილის თაიმსი” სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 7 აპრილს ინიცირებულ იქნა კანონის პროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მასთან დაკავშირებული კანონის პროექტები. შემოთავაზებული პროექტით, დისკრიმინაციის აკრძალვაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
2014 წლის 17 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გადაუგზავნა თავისი შენიშვნები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ანდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას, მაგრამ აუცილებლად მიაჩნია გარკვეული ცვლილებების განხორციელება შემოთავაზებულ პროექტში:
• კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული ცვლილებებისა და დამატებების პროექტი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, სადაც გაიწერებოდა სახალხო დამცველის სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურა;
• კანონპროექტში შემოთავაზებული ვერსიით საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა კომპეტენცია სასამართლოს მიმართოს მხოლოდ “ადმინისტრაციული ორგანოს” მიერ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედებების გამო. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მისი ეს კომპეტენცია უნდა გავრცელდეს კერძო პირთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დარღვევებზეც, რათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს;
• კერძო პირების მიმართ საქართველოს სახალხო დამცველს არ აქვს საქმის განხილვისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს;
• კანონპროექტში შემოთავაზებულია დისკრიმინაციის ცნება და შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც არ არის შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მიდგომებთან;
• დაზუსტებას საჭიროებს ის მუხლი, რომელიც ეხება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმისწარმოების შეწყვეტას;
• მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის მსხვერპლის ბაჟისგან გათავისუფლების საკითხი, როდესაც იგი მიმართავს სასამართლოს დისკრიმინაციის ან/და დამრღვევის პასუხისმგებლობის დასადგენად;
• კანონპროექტი ასევე არ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი ფინანსური ასიგნებების გამოყოფას. არსებული რესურსების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ვერ შეძლებს ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი კომპეტენციის ფარგლებში საჭიროებს დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზებას; საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საპარლამენტო განხილვებში. ასევე მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ არასამთავრობო ან სხვა ტიპის ორგანიზაციასთან კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით”, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.
17.04.14