კაზრეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და კომპანია RMG-ს თანამშრომლებს, ასევე პოლიციელებს შორის მცირე ინციდენტები მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეები ცდილობდნენ მიახლოებოდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის მთას, სადაც სპეციალური ტექნიკური საშუალებების მუშაობა შეიმჩნეოდა. თუმცა დაცვის თანამშრომლებმა, ასევე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს გზაზე ჩასვლის საშუალება იმ მოტივით არ მისცეს, რომ “ტერიტორია კერძო საკუთრებაშია”. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღეა საყდრისის მოპირდაპირე მთაზე გაშლილ კარავში იმყოფება, დაცვის თანამშრომლებს დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაშია. საბოლოოდ, მედიის წარმომადგენლებს გზაზე ჩასვლის საშუალება არ მიეცათ. ამასთან, როგორც მიქიაშვილმა განაცხადა, დაახლოებით 09:25 საათიდან საყდრისის მთაზე მიმდინარეობს სამუშაოები და არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სპეციალური ტექნიკა გზის გაყვანაზე მუშაობს. კიდევ ერთი ინციდენტი საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის, ირაკლი მამალაძის და დაცვის თანამშრომლებს შორის შელაპარაკებისას მოხდა. ირაკლი მამალაძის განცხადებით, პოლიციელები RMG-ს დაცვის თანამშრომლებთან ერთად იკვებებიან, რაც მისი თქმით, არაადეკვატური ქმედებაა. მამალაძემ პოლიციელებს მოუწოდა- ნეიტრალურ ტერიტორიაზე დადგნენ. როგორც მან აღნიშნა, შს სამინისტროს გენინსპექციაში უკვე დარეკა და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა. 22.04.14