გურამ ოდიშარია, ნიკოლოზ ანთიძისგან განსხვავებით, რეალურად არის დაინტერესებული საყდრისის პრობლემის რაციონალური მოგვარებით , – ამის შესახებ განცხადება საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა გაავრცელა.
კომიტეტი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს უნდობლობას უცხადებს.
“დავინახეთ მინისტრთან საუბრის და მისი სატელევიზიო კომენტარების შემდეგ, რომ გურამ ოდიშარია რეალურად არის დაინტერესებული პრობლემის რაციონალური მოგვარებით, რასაც ვერ ვიტყვით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ბატონ ნიკოლოზ ანთიძეზე, რომელსაც, უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საყდრისის სტატუსთან დაკავშირებით, რაც უცილობლად შეუშლის ხელს იმ მონიტორინგის ნაყოფიერად შესრულებაში, რომელიც მას მინისტრმა დააკისრა. შესაბამისად, კომიტეტი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს უნდობლობას უცხადებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ მინისტრის ყველა დაპირება, უმოკლეს ვადაში, დოკუმენტალურად გაფორმდება და სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
“გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა გურამ ოდიშარიას ქმედებებისა და პრობლემის საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტის სურვილის გამო, მხარდაჭერას ვუცხადებთ მინისტრს, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ამჯერად უკვე ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ მინისტრის ყველა დაპირება, უმოკლეს ვადაში, დოკუმენტალურად გაფორმდება და სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ეს იქნება შეხვედრის რეალური შედეგი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მინისტრის სურვილი, რეალურად მოაგვაროს პრობლემა, არ განეიტრალდება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ქმედებების შედეგად, რომელთა ერთ-ერთ ლიდერს და დაინტერესებულ მხარესაც, ჩვენი აზრით, სწორედ ნიკა ანთიძე წარმოადგენს” – ნათქვამია საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებსა და მინისტრს შორის შედგა საკმაოდ პროდუქტიული და საქმიანი საუბარი, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ფორმატი იძლეოდა.
“მინისტრი ოდიშარია აქციის მონაწილეებს სამივე მოთხოვნის შესრულებას დაგვპირდა. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი ეროვნული თვითშეგნების გამოვლენისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას და ჰქონდა მოლოდინი, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდები აგრესიულად შეხვდებოდნენ, რაც ჩვენი შეფასებით, იმავე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც გაურკვეველი ადამიანების მხრიდან ჯერ კიდევ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დროს მიმდინარეობდა და სახელისუფლებო წრეებში საყდრისთან დაკავშირებით დისონანსი შეიტანა”, – ნათქვამია განცხადებაში.
23.04.14