საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი დღეს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
ყურადღება დაეთმო საპილოტე პროგრამასაც, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული დონორი ორგანიზაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, ქვემო ქართლში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გეგმავს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსთავის რამდენიმე სკოლამდელ სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში დაინერგება ენერგოეფექტური სისტემა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული ენერგიის რაოდენობას და, შესაბამისად, საპილოტე პროგრამაში ჩართული საჯარო დაწესებულებების ხარჯვით ნაწილს. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დასასრულს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინისტრს წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
25.04.14
Discussion about this post