ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდური პირველობისთვის ფულადი პრიზის სახით 102 ათას ლარს, პირად-გუნდური მეორე ადგილისთვის კი 34 ათას ლარს მიიღებს.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პირად პირველობაში გამარჯვებულები ვალერი ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი 51 ათასი ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული სპორტსმენები 34 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.
ასევე, სპორტსმენების პირად მწვრთნელებს და ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს დამატებით მიეცემათ სპორტსმნების საპრიზო თანხის 50-50%, საექიმო პერსონალს – სპორტსმენების ჯამური საპრიზო თანხის 30 %, ფედერაციის ადმინისტრაციულ ჯგუფს კი – სპორტსმენების ჯამური საპრიზო თანხის 10 %.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ძიუდოისტთა ნაკრებმა შესანიშნავად დაასრულა ევროპის 2014 წლის პირად-გუნდურ ჩემპიონატზე გამოსვლა: გუნდმა პირად პირველობებში 2 ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდური ჩემპიონატი კი, შარშანდელის დარად, მოიგო. ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართა.
“სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის დადგენილების თანხმად, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ციკლისა და ფინალური თამაშების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწვრთნელთა, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წასახალისებლად, სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესებულია ფულადი პრიზები.
ზემოაღნიშნული პროგრამა არ არის შემოფარგლული გარკვეული ციკლით და იგი გრძელვადიან მუდმივმოქმედ ხასიათს ატარებს”, – აცხადებენ სამინისტროში.
01.05.14