საქართველოს პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ პაკეტს მიმდინარე კვირის განმავლობაში სამივე მოსმენით დაამტკიცებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონპროექტის მიღების პროცესი უახლოეს ორ დღეში დასრულდება.
ამასთან, მისივე თქმით, არის მზაობა, კანონპროექტი “გაძლიერდეს” საზოგადოებრივი მორალის დაცვის მიმართულებით.
“პრობლემა არის პროექტის ერთადერთ პუნქტთან დაკავშირებით. ჩემთვის ყველა მოქალაქის მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, რა სტატუსის არის, რომელ რელიგიურ ორგანიზაციას წარმოადგენს და თავად ვინ არის. თუკი მოსაზრება არის სწორი და საყურადღებო, ჩვენ მას ვითვალისწინებთ. ამ შემთხვევაში საუბარია ერთ კონკრეტულ საკითხზე – ერთის მხრივ რეალობა არის სრულიად სხვა და არა ის, რაც ტირაჟირებულია. მეორე, თუ წუხილის საგანია ამ ჩანაწერის შედეგად საზოგადოებრივ მორლთან რაიმე შესაძლო ზიანი, მზად ვართ, ეს ასპექტი გავაძლიეროთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სასულიერო პირებისა და, მათთან ერთად, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ჯგუფის მთავარ მოთხოვნას პირის მადისკრიმინირებელ ნიშნებს შორის “სექსუალური ორიენტაციის” და “გენდერული იდენტობის” პუნქტების ამოღებაა.
მათი შეფასებით, კანონში აღნიშნული ტერმინების დაფიქსირება “ცოდვისა და უზნეობის დაკანონებას ნიშნავს”.
01.05.14