ვენის ჰოფბურგის სასახლეში ეუთო–ს გენერალურმა მდივანმა, ლამბერტო ზანიერმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და ეუთო-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ცერემონიაზე ავსტრიაში საქართველოს ელჩმა და ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ოფიციალურად გადასცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის ორიგინალები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ცერემონიაზე კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა და ლამბერტო ზანიერმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოში ეუთო-ს საქმიანობის გასააქტიურებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საქართველოს მთავრობასა და ეუთო-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების ჩატარების შემდეგ.
მემორანდუმი ეუთო-ს მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა (SALW) და ჩვეულებრივი საბრძოლო მარაგების (SCA) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სამხედრო ბაზებში არსებული ვადაგასული, ჩამოწერილი და ჭარბი საბრძოლო მასალების განადგურების მიზნით, დემილიტარიზაციის სამწლიანი პრექტის ეუთო-ს თანადაფინანსებით განხორციელებას გულისხმობს.
02.05.14