შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც “თბილისი თაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2014 წლის აპრილში 390 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,1%-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 396 952 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,4%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
შსს-ს ინფორმაციით, პირობითი დაყოფის მიხედვით, ტურისტული იყო – 519 482 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,1%); ტრანზიტი – 267 684 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28%); სხვა – 609 786 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).
2014 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან(-14,6%), აზერბაიჯანიდან (+14,1%), სომხეთიდან (+12,4%), რუსეთიდან (+41,3%) და უკრაინიდან (+22,2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–აპრილშიც გამოირჩეოდნენ: პოლონეთი, ლიტვა, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები და გერმანია (შესაბამისად, 101%, 65%, 28%, 18%, 16% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (21%), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ისრაელი – 34%, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვის მოქალაქეები 50% და 19%–იანი მატებით.
05.05.14