NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონი ლარით დაფინანსებას გამართლებულად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ არ იცოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით ფინანსდება, 20%-ისთვის კი ეს ინფორმაცია ცნობილი იყო.
ხოლო კითხვაზე – ამართლებთ თუ არა იმას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 25 მილიონ ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვამართლებ – 55%, არ ვამართლებ – 21%, არ ვიცი – 22%, უარი პასუხზე – 1%.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 75%-მა ასევე არ იცოდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 4,5 მილიონი ლარი, რომელიც ოთხ რელიგიურ კონფესიაზე (კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამური თემი და იუდეური თემი) გადანაწილდება. გამოკითხულთა მხოლოდ 31% ამართლებს ამ გადაწყვეტილებას, 39% – არ ამართლებს, 28%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
05.05.14