საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად რეგიონებსა და სოფლებში აქტიურ მუშაობას იწყებს პროექტის“ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ფარგლებში.
როგორც ახალგაზრდულ პარლამენტში აცხადებენ, აღნიშნულ პროექტში ჩართვის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო თვითშეგნების საკითხებზე.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდულ პარლამენტს შესწავლილი აქვს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები 2013 წლის გაერთთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო გამოკითხვის ფარგლებში.
აღნიშნული გამოკითხვები ახალგაზრდა პარლამენტარებმა საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს, რის საფუძველზეც იქ მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით იწყებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოფლებში ახალგაზრდული კლუბების შექმნას, ჩაატარებენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, ასევე მოსახლეობას გაუწევენ უფასო იურიდიულ და ბიზნესკონსულტაციებს.
ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტ, სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში,რომელსაც ახალგაზრდული პარლამენტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მარეხ გვარამაძე და რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან კოპალიანი ესწრებოდნენ.მსგავსი შეხვედრები მომდევნო კვირიდან სხვა საზოგადოებრივ ცენტრებშიც გაიმართება.
06.05.14
ნინა პირტახია