ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სავაჭრო შეღავათები გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მა რუსეთი მოკვეთა პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) პროგრამიდან. GSP პროგრამა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს აშშ-ში გარკვეული სახის საქონლის უბაჟო იმპორტის შესაძლებლობას აძლევს.
ამასთან, რუსეთის GSP პროგრამიდან ამოღების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ წერილობით აცნობა კონგრესს.
“რუსეთი მნიშვნელოვნად დაწინაურდა ეკონომიკური თვალსაზრისით და გაიუმჯობესა სავაჭრო კონკურენტუნარიანობა, ამიტომ ის აღარ საჭიროებს სავაჭრო შეღავათებს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში”, – ნათქვამია ბარაქ ობამას კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში.
08.05.14