თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია სასტუმრო “შერატონში” ბიზნესმენებს შეხვდა.
როგორც ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებულ ბიზნესმენებთან გამართული შეხვდრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ განაცხადა, ბიზნესის წარმომადგენლებს მან პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათ მონაწილეობას.
“ძალიან საინტერესო კითხვები იყო, თუ როგორი იქნება ქალაქის არქიტექტურული პოლიტიკა მშენებლობებთან დაკავშირებით, რომ უფრო მოწესრიგებულ ქალაქში ვიცხოვროთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ბიზნესმა თავისი ნიშა და ადგილი იპოვოს იმ პროექტებსა და პროგრამებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, კოალიცია “ქართულ ოცნებას” პროგრამაში აქვს რამდენიმე ინოვაციური მიმართულება, რომლის მიხედვითაც უფრო მეტი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა იქმნება ქვეყანაში. მათ შორის ეს არის ახალი პროექტი და პროგრამები, რომლის განხორციელებაშიც უნდა ჩაერთოს ბიზნესი.
“ქართული ოცვნების” მერობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფო შესყიდვები, რომლებიც მერიის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს და განხორციელდეს, უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი თითოეული მეწარმისთვის და ბიზნესმენისთვის.
ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენებმა განაცხადეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მშენებლობებს, გამწვანების საკითხებს.
მათი თქმით, ამასთან დაკავშირებით მათ პასუხები მიიღეს დავით ნარმანიასგან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ამ საკითხებზე ნაფიქრი აქვს.
08.05.14