საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
“8 მაისია დღე, როდესაც მსოფლიო ზეიმობს ფაშისტური გერმანიის დამარცხებას. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ ევროპაში ყოფილიყო მშვიდობა, აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას და მადლობა ვუთხრათ და განსაკუთრებით მოვეფეროთ მათ, ვინც ცოცხალია – ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს ძვირფას ადამიანებს. ტრადიციულად საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ამ დღეს მოდის უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, რათა პატივი მიაგოს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ყველას, ვინც ამ დიდ ომს ემსხვერპლა” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
08.05.14