საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კვლავ გაუქმებულია. საყდრისის დაცვის კომიტეტი, სადაც კულტურის სფეროს კომპეტენტური პირები არიან ჩართული არ თმობენ ამ საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლს (სწორედ ასე აფასებენ მას ისტორიკოსები, არქეოლოგები). არაერთხელ შეიცვალა სიტუაცია, თითქოს კონსესუსიც შედგა კულტურის მინისტრსა და საყდრისის დამცველებს შორის, მაგრამ მდგომარეობა, როგორც ჩანს კვლავ მოუგვარებელია ვინაიდან პირობა, რომელიც მინისტრმა დადო კვლავ შეუსრულებელია. ექსპერტები მხოლოდ კულტურის სამინისტრომ შეარჩია. აქციები კვლავ გრძელდება, როგორც საყდრისის ტერიტორიაზე, აგრეთვე დედაქალაქში. აღნიშნულ საკითხზე 9 მაისს, საქართველოს ყოფილი პარლამენტის წინ საყდრისის დამცველთა აქცია გაიმართა. „თბილისი თაიმსთან“ კომენტარს საყდრისის დამცველები აკეთებენ.
ცოტნე გამსახურდია – საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი: ,,საქართველოში მყოფი ორი ექსპერტი, ბულგარელი გეოლოგი ვენელინ იელევი და გერმანელი არქეოლოგი ალბრეხტ იოკენ–ჰოველი დღეს საყდრისზე კვლევით სამუშაოებს ასრულებენ და ხვალ
ტოვებენ საქართველოს. უნდა იცოდეთ, რომ ექსპერტები მუშაობენ სრულიად იზოლირებულად, დახურულ ატმოსფეროში. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, რა ინტერპრეტაციებს და მანიპულაციებს ჩაუტარებენ მათ დასკვნებს მომავალში კომპანია “RMG გოლდისა” და ხელისუფლების წარმომადგენლები, მოვითხოვთ, ექსპერტებმა გამართონ პრესკონფერენცია და მედიას მიეცეს კითხვების დასმის საშუალება“.
კახა კოჟორიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: „ჩვენ ამ პროცესში სამართლებრივი პოზიციით ვართ ჩართული. ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც კულტურის სამინისტროს მიერ იქნა მიღებული, შემდეგ მთავრობის მიერ იქნა მიღებული არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს. სულ
რაღაც ორიოდე დღის წინ საქართველოს მთავრობამ არ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც ვითხოვდით კულტურის სამინისტროს იმ აქტის ბათილად ცნობას, რომლის საშუალებითაც კომპანიას მიეცა ფართომასშტაბიანი საქმიანობის წარმოების უფლება. არგუმენტი კი იყო აბსოლიტურად მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო, რომლის თანახმადაც, თითქოს ჩვენ არ გვაქვს უფლება, როგორც რიგით მოქალაქეებს, რომ ვიდაოთ ამ საკითხზე და არ იკვეთება ჩვენი იურიდიული, სამართლებრივი ინტერესი, თუ რატომ ვართ ჩვენ დაინტერესებულნი. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ კულტუტული მემკვიდრეობა არის ის ღირებულება, რომლის დაცვაც ევალება თითოეულ მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, თუ ვსაუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობაზე მისი მიმღები, მისით დაინტერესებული პირი, სამართლებრივი ინტერესის მქონე პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ საწინააღმდეგო განმარტებას დავუჭერთ მხარს, როგორც ეს საკითხი მთავრობამ განმარტა, მაშინ ძალიან საშიში ტენდენციის და პრაქტიკის დამკვიდრებას შევუწყობთ ხელს. კერძოდ იმ პრაქტიკის, როდესაც რომელიმე კულტურულ ობიექტს მიადგება რაიმე ზიანი და მთავრობა უუნარო იქნება ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, მაშინ არცერთ მოქალაქეს არ ექნება სამართლებრივი მექანიზმი, რომ მასზე იდაოს. ამან რასაკვირველია ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში გავასაჩივროთ მთავრობის გადაწყვეტილება, თუმცა ცუდია ის, რომ მანამ სანამ სასამართლო განიხილავს ამ საკითხს შეიძლება დაინგრეს ეს ძეგლი. ჩვენ მოვიგებთ, თუ არა სასამართლოში ამას ნაკლები მნიშვნელობა ექნება, რადგან ჩვენი ინტერესი ცხადია არის ის, რომ სარჩელის შეტანით გადავარჩინოთ ეს ობიექტი. თუ ობიექტი აღარ იარსებებს, მაშინ ფორმალურად გადაწყვეტილებაში რა ჩაიწერება მე ნაკლებად მაინტერესებს“.
ანა საღინაძე – საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი:„აქციის დასაწყისიდან დღემდე ჩვენი მოთხოვნებია, რომ შეწყდეს ყველანაირი მძიმე ტექნიკის მუშაობა საყდრისის ბორცვთან. რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ხეების მოჭრა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის კულტურულ ფენას. უნდა შეწყდეს ყოველგვარი უხეში შეხება საყდრისის ბორცვზე. ჩვენი მოთხოვნაა საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანა, რომლებიც შემოგვთავაზა გერმანიის სახელმწიფომ და თვითონ აფინანსებს. ესენი არიან: ინგლისელი, ფრანგი, ესპანელი, ბულგარელი და ავსტრიელი ექსპერტები, რომელთა დასკვნა იქნება ისეთი, რომ ვერავინ მასში ეჭვს ვერ შეიტანს. ყველა დონეზე მოიხსნება ყოველგვარი ეჭვი. რასაკვირველია ჩვენს კომიტეტს არავითარი ეჭვი არ აქვს, მაგრამ საუბარია მეორე მხარეზე. დღევანდელი მოთხოვნა კი არის ის, რომ ჩამოყვანილმა ექსპერტებმა მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში და უპასუხონ საზოგადოების კითხვებს და გავიგოთ რა შთაბეჭდილებებით მიდიან აქედან. აგრეთვე ვითხოვთ, რომ პროცესები იყოს გამჭვირვალე“.
დავით გულბანი – საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი: “საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი: “დღეს ჩვენ მოვითხოვთ, რომ შესრულდეს ის 3 მოთხოვნა, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ: გამჭვირვალედ შესრულდეს სამუშაოები, ობიექტის შესწავლა და საერთაშორისო დონის
ექსპერტების ჩამოყვანა. პრაქტიკულად არცერთი მოთხოვნა არ სრულდება. გარდა ამისა, კიდევ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ დღეს გაძლიერებულად აპირებდნენ შესვლას და საყდრისის ნგრევის პროცესის გაგრძელებას, რასაც სამწუხაროდ ორი კვირის განმავლობაში ჩვენი თვალით ვუყურებდით, როგორ ჩამოაცალეს კულტურული ფენა ერთი ნაწილიდან, აპირებდნენ მეორე ნაწილის დაწყებას, იმიტომ რომ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ მძიმე ტექნიკა შესულიყო.ამიტომაც ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომ ჩვენი მოთხოვნები შესრულებულ იქნას, ჩვენ არაფერს შეუძლებელს არ ვითხოვთ. აქ არის ის მოთხოვნა, რომ გამჭვირვალედ იქნას პროცესი. ჩამოყვანილია ორი ექსპერტი, ჩვენ მათ კომპეტენციაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ნდობას ნაკლებად იმსახურებს, რადგანაც პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ეს ინფორმაცია. დაიდოს რეალური დასკვნა, დასკვნა პრინციპში დევს, რომ ეს არის უძველესი მაღარო, მაგრამ ვთხოვთ, რომ საზოგადოების ფართო წრისთვის გახდეს მისაწვდომი ეს ინფორმაცია. საყდრისი გერმანელი ექსპერტების მიერ უკვე დამტკიცებულია, რომ არის უძველესი მაღარო. ეს ყოველივე დადასტურებული არის, უბრალოდ ქართველებისთვის არის დასამტკიცებელი, რაც სამწუხაროდ სამარცხვინოა, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს ამას, როგორც უძველეს ოქროს მაღაროს და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავანგრიოთ რაღაც ერთჯერადი მოგებისთვის, ამიტომ ვითხოვთ, რომ ის სამი მოთხოვნა შესრულდეს და ჩამოსულმა ექსპერტებმა გამჭვირვალედ ჩაატარონ ეს პროცესი”.
გიორგი ჩუბინიძე
10.05.14