ჩვენ ქვეყანაში არც ერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” , სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ღონისძიებაზე, რომელიც ღია კარის დღის სახით ტარდება, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კონცეფცია წარადგინა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
“რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც, სამშობლოში დაბრუნებულებს, 3 წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ სამუშაო ადგილი სახელმწიფო დაწესებულებებში. ამით მოხდება ძველი და ახალი თაობის გამოცდილების სინთეზი, რაც წაადგება ყველას და საბოლოოდ სახელმწიფოს. მინდა გითხრათ, რომ უკვე იწყება აქტიური მოლაპარაკებები უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის საელჩოებთან და ველით სასურველ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას აქვს დიდი მომავალი. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივამ ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია. მისივე თქმით, ეს ცენტრი განსხვავებული მიდგომით ახორციელებს სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას.
“იცით, რომ საგანმანათლებლო კერები ჩვენში უძველესი დროიდან იყო. საქართველოში იდგა ისეთი დრო, როდესაც თავისი ცოდნა საზღვარგარეთ გაჰქონდა. მაგრამ ისეთი დროც ედგა, როცა ჩვენი წინაპრები უცხოეთში მიდიოდნენ სასწავლებლად, იქ იღებდნენ განათლებას და უკან დაბრუნებულები მთელ ცოდნას და გამოცდილებას სამშობლოს ახმარდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს ჩვენ სრულიად ახალი რეალობის, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საქართველოს სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ჩვენ გვესმის, რამდენად პერსპექტიულია სახელმწიფო, რომელსაც განათლებული და პროგრესული ახალგაზრდობა ჰყავს. თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ განათლებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებას. სახელმწიფომ კი ასეთი ადამიანების რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. სწორედ ეს იყო ჩემი ინციატივის მიზანი და ამისათვის შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც განსხვავებული მიდგომით ახორციელებს სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, პირველ რიგში, შეირჩა ის დარგები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და განსაზღვრა პრიორიტეტები, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო აპირებს. მისივე თქმით, ადრეც არსებობდა მსგავსი პროექტი, რომელიც უცხოეთში სწავლას უფინანსებდა ახალგაზრდებს, მაგრამ ეს სისტემა არ იყო გამჭვირვალე.
“ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის წესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის პრივილეგიებს. განათლების საერთაშორისო ცენტრი ორიენტირებულია სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე. ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების გარეშე უცხოეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა არ ექნებოდათ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მთავარი სიახლე, რაც ჩაიდო ცენტრის კონცეფციაში არის ის, რომ სტუდენტები დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან და თავით ცოდნას საქართველოს მოახმარენ.
“გარდა ამისა, განათლების ცენტრი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას, არამედ ადგილზე სხვადასხვა სასწავლო სემინარისა და კურსების მოწყობას, რომელსაც გაუძღვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ ასევე მოკლე დროში იწყება ჩემი ინიციატივის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულების 6-თვიან სტაჟირებას და პრაქტიკას საჯარო უწყებებში და იქ სათანადო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენას.
ამ პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყანას ეყოლება თვისებრივად ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სახელმწიფოს მშენებლობას მოახმარენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობამ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებზე იზრუნა და მათთვის დაგეგმილია სტუდენტური საცხოვრებლის აშენება, რომელიც მრავალი წელი არ არსებობდა.
“მართალია, ეს არ ეხება ამ პროექტს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებზე ვიზრუნეთ და მათთვის დაგეგმილი გვაქვს სტუდენტური საცხოვრებლის აშენება, რომელიც მრავალი წელი არ არსებობდა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
15.05.14