საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.
პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი საელჩოში ერთად მივიდნენ. მათ თურქეთის ელჩს მიუსამძიმრეს და მწუხარება გამოთქვეს თურქეთში, მანისას პროვინციაში, ქალაქ სომას მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 282 ადამიანი დაიღუპა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, თურქეთში საშინელი ტრაგედია მოხდა. მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეგობარი და ამ მძიმე ჟამს თურქი ხალხის გვერდით დგას და იზიარებს მათ მწუხარებას.
ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თანაგრძნობას უცხადებს მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს.
“მე და პრემიერ-მინისტრს გვქონდა საუბარი თურქეთის ელჩთან. ელჩმა აგვიხსნა, რომ ეს არის პატარა დასახლება, სადაც ფაქტობრივად, ყველა ან მაღაროშია დასაქმებული, გვიამბო ადამიანების ისტორია, რომელთაც ოჯახის რამდენიმე წევრი დაკარგეს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მანისას პროვინციაში, სომას მაღაროში აფეთქება 13 მაისს მოხდა.
მომხდარის გამო, თურქეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
15.05.14