საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია შეიტანეს. როგორც კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინა მიზანდარმა განაცხადა, პეტიციის მთავარი არსი ის არის, რომ საზოგადოება უნდობლობას უცხადებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ.
მიზანდარის თქმით, მათ ვერ შეასრულეს მთავარი ფუნქცია და ვერც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას შეუწყვეს ხელი.
“საყდრისის მაგალითი კმარა იმისათვის, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ რამდენად დანაშაულებრივად იმოქმედა ამ ორმა უწყებამ, საკადრო პოლიტიკაც კი დაუქვემდებარა თავის დანაშაულებრივ ინტერესებს და სახელმწიფობრივი ხედვისა და კულტურული მემკვიდრეობის საწინააღმდეგო ქმედებებით უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას”, – აღნიშნა მიზანდარმა.
ამასთან, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა ჟურნალისტებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული შუალედური დასკვნა წარუდგინეს. მათი თქმით, შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საყდრისი არის უმნიშვნელოვანესი ძეგლი და ეს ოქროს უძველესი მაღარო იყო.
მიზანდარის ინფორმაციით, დასკვნაში რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს.
16.05.14