საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი ბულგარეთის ელჩს საქართველოში, პლამენ ბონჩევეს შეხვდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს გადასცა მისი ბულგარელი კოლეგის მიერ გამოგზავნილი წერილი და მემორანდუმის პროექტი, რომელიც მთელ რიგ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო ივნისში აწერს ხელს, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის სხვადახვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმი, რომლის პროექტიც ელგუჯა ხოკრიშვილს გადაეცა, ამ თვალსაზრისით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.
გარდა ამისა, ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, პლამენ ბონჩევმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს გააცნო ის პროექტები, რომლის განხორციელებაც ბულგარულმა მხარემ საქართველოში უკვე დაიწყო. ეს პროექტები, ძირითადად, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად ხორციელდება.
თავის მხრივ, ელგუჯა ხოკრიშვილმა ბულგარეთის ელჩს, მისი ქვეყნის კეთილგანწყობისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისი კოლეგა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.
22.05.14