უმუშევრობა – პრობლემაა, რომელიც დღესაც ძალიან მწვავე დგას ქვეყანაში, უმუშევართა ზუსტი რიცხვის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები კი დაუსაქმებელთა რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. სამუშაოს მაძიებელთა დიდ რაოდენობასთან ერთად, იქმნება ვაკანსიებიც, თუმცა უმუშევართა უმრავლესობა დამსაქმებლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ”თბილისი თაიმსი” შეეცადა გაერკვია თუ რაში მდგომარეობს პრობლემა და როგორ ეხმარება სახელმწიფო დასაქმების მსურველებს, აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი პაატა ჟორჟოლიანი გვესაუბრა.
რა პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო უმუშევრობის დონის შესამცირებლად?
სოციალური მომსახურების სააგენტოში შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტი, ანუ პირობითად, რომ დავარქვათ დასაქმების ცენტრი, რომელსაც აქვს ქსელი მთელს საქართველოში. გაკეთდა ვებ-პორტალი (http://worknet.gov.ge/) პრეზენტაცია მოხდა 25 დეკემბერს, პორტალზე იქნება საკმაოდ დიდი ბაზა სამუშაოს მაძიებელთა, შენდგიმში პერიოდულად დაედება ზედნადები, რომელიც საფუძვლად დაედება შრომის ბაზრის ინფორმაციას. ეს არის სახელმწიფო საიტი და არის სრულიად უფასო.
თუ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენი დასაქმებული და რამდენი უმუშევარი ადამიანია საქართველოში?
ამ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებული, მაგრამ ძალიან მცირე ცვლილებებია შარშანდელ მონაცემთან შედარებით, საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უმუშევრობის დონე – 16%-ია, მაგრამ ეს რიცხვი მე არარეალური მგონია, არსებობს სხვადასხვა კვლევის შედეგები, რომელშიც უმუშევართა დომე – 35%-დან 60%-მდე მერყეობს.
სტატისტიკურად რამდენი ადამიანია დასაქმებული საქართველოში სახელმწიფო სამსახურებში და რამდენი კერძო სტრუქტურები?
არსებობს ასევე საჯარო სტრუქტურაში დასაქმებულთა რაოდენობრივი მონაცემებიც, მაგრამ დასაქმებულთა საერთო რიცხვი შეუთავსებადია ამ მონაცემთან,ის პროცენტული სხვაობა, რასაც საქსტატი და სხვა ორგანიზაციები იძლევიან, გამოწვეულია იმით, რომ საქსტატი გლეხს, რომელიც ამუშავებს მიწას ქმნის თვითდასაქმებულად, დამხმარე მეურნეობებიც კი 100 კვადრატულ მეტრამდე ეთველბა დასაქმებაში, სხვა ორგანიზაციები კი მას დაუსაქმებლად თვლიან.
შრომის კოდექსი რამდენად იცავს დასაქებულის და დამსაქმებლის უფლებებს. რა შეგიძლიათ გვითხრათ თვითონ კოდექსის შესახებ?
შრომის კოდექსი იმ სახით, რა სახითაც ახლა გვაქვს, ამოქმედდა ოთხი ივლისიდან, მაგრამ კოდექსში პერიოდულად ისევ შევა ცვლილებები, ამ ცვლილებების შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტრო, ცვლილებებთან დაკავშირებით ვითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, გასათვალისწინებელი იქნება ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის კოდექსი რა,სახითაც დღეს გვაქვს, წინა კოდექსთან შედარებით ბევრად უფრო მეტად იცავს დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ კოდექსის იმპლემენტაციის მექანიზმები არ გვაქვს, მაგალითად, კოდექსში წერია, რომ დამატებითი სამუშაო უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ, რომ არ ანაზღაურდეს შემდეგ ამაზე ვინ და როგორი ფორმით აგებს პასუხს უცნობია. სწორედ იმპლემენტაციისათვის 7 მარტს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა პროგრამის პრეზენტაცია, მუშაობა დაწყებულია ამ საკითხზე და პროგრამის დასაფინანსებლად ამერიკის შრომის ორგანიზციამ 2 მილიონი დოლარი გამოყო. მუშავდება ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის კანონი, დასაქმების კანონი და შრომის ინსპექციის დებულება, ალბათ ივლისის ბოლოს დაიგზავნება ეს კანონ-პროექტი მთავრობასა და სოციალურ პარტნიორებთან, რის შედეგადაც მოხდება ახალი კანონების შემუშავება და ინსტიტუტების შექმნა.
ძალიან ხშირად ისმის სტუდენტების მხრიდან, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვერ პოულობენ შესაბამის სამსახურს, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო სტუდენტების დასაქმებას?
სახელმწიფოს ცალკე პრიორიტეტად არ აქვს გამოყოფილი სტუდენტების დასაქმების უზრუნველყოფა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსიტროში არის ახალგაზრდების დასაქმებისათვის შექმნილი პროგრამები.
რატომ შეწყდა პროექტი “summer job”-ი? რა მინუსები დაინახა ახალმა ხელისუფლებამ სტუდენტების დასაქმების ამ პროგრამაში?
ეს იყო უბრალოდ წინასაარჩევნო პიარპროგრამა, იყო პოლიტიკური ნიშნით გამოყენებული სახელმწიფო რესურსი, ეს არ იყო რეალური დასაქმების პროგრამა, ახლაც შესაძლებელია ”summer job“-ის პროგრამის გაკეთება, ამ პროგრამისთვის სახელმწიფომ უნდა გაიღოს თანხა, ხელისუფლებამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი პროგრამები შეწყდეს, რათა არ ჩაითვალოს ამ ხელისუფლების მიერ ახალგაზრდების მოსყიდვად.
კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, თქვენი აზრით რამდენად შეესაბამება ეს სიმართლის და რით არის გამოწვეული ეს ფაქტი?
ქვეყანაშია არის სამუშაოს მაძიებელთა ძალიან დიდი რიცხვი, ასევე არის ბევრი ვაკანსია, თუმცა ეს ადამიანები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ესეიგი რაღაც დოზით სწორია ეს მოსაზრება. გამომწვევი მიზეზები კი განათლების სამინისტროს საკითხია. ამ ორი საკითხის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანაზე ჯანდაცვისა და განათლების სამინსიტრო ერთობლივად მუშაობს, შექმნილია ერთობლივი ჯგუფი ევროკავშირის პროგრამის გაკონტროლებისათვის, რომელსაც თანათავმჯდომარეებად ყავს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ჯაში.
საშუალოდ რა ვადით ფორმდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება და რაზეა დამოკიდებული იგი?
კანონით არის განსაზღვრული თუ რა ტიპის ხელშეკრულებები არსებობს, არის შრომითი ვადიანი ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ სამუშაოსთან, არსებობს ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია გამოსაცდელ ვადასთან, შესაბამისად არის ერთწლიანი და უვადო ხელშეკრულებები, ეს უკვე დამსაქმებლის პრეროგატივაა, თუ რა ტიპის ხელშეკრულებას აირჩევს, ამასთანავე კანონშივეა გაწერილი, თუ რა შემთხვევაში, რა ტიპის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.
„თბილისი თაიმს“ უმუშევრობის გადაწყვეტის გზებზე და პრობლემის აღმოფხვრის შესაძლო გზებზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია ესაუბრა.
თქვენი აზრით საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე რითია გამოწვეული და როგორ ხედავთ სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას?
უმუშევრობის მაღალი დონე გამოწვეულია ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპით. პრობლემა მდგომარეობს ბიზნეს–პროექტებისა და უცხოური ინვესტიციების სიმწირეში, რომლის საფუძველზეც შეიქმნება პროდუქტი ან მომსახურება და რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება. უფრო მარტივად, ინოვაციებს და ახალ ტექნოლოგიებს ვერ ვქმნით და ვერც მის კოპირებას ვახერხებთ. მეორეს მხრივ, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებსა და დასაქმებას შორისაც არ შეიძლება ზედაპირულად, ტოლობის ნიშნის დასმა. რატომ ვერ ვითარდება საქართველოში საფონდო ბირჟა? იმიტომ, რომ ვერ ვმართავთ ეფექტიანად ჩვენს დანაზოგებს, რადგან გვიჭირს არა ბიზნესის დაწყება, არამედ იმის გააზრება, თუ რა შევქმნათ და რით მოვხიბლოთ საერთაშორისო ბაზარი. ჩვენ ვითხოვთ უფრო ეფექტიან ქმედებას მთავრობისგან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მთავრობაც იღებს ამ ვალდებულებას, რადგან წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად, ზედაპირული დამოკიდებულებით სვამს ტოლობის ნიშანს ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის. ქართული ოცნება ეძებს ნაციონალური მოძრაობის შეცდომებს. ცვლის მიზნის მიღწევის სამოქმედო გეგმას. გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მიზნის მისაღწევად დახარჯოს კიდევ უფრო მეტი რესურსი. კიდევ უფრო შორს მიდის და მიაჩნია, რომ ცალკეული დარგების სუბსიდირებით, სახელმწიფო ბანკის ფორმირებით და სხვა მსგავსი ქმედებით საზოგადოება მოახერხებს მოჯადოებული წრიდან გამოსვლას და საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველიც დღეს კმაყოფილია, მაგრამ როდესაც მცდარი გადაწყვეტილებების გამო, გრძელვადიან პერიოდში აღმოვჩნდებით დღევანდელთან შედარებით უარეს მდგომარეობაში, ამომრჩეველი კვლავ მთავრობას დაადანაშაულებს არაეფექტიან ქმედებაში და სხვას აირჩევს და მანამდე, სანამ არ გავაცნობიერებთ იმას, რომ პრობლემა არ არის კაპიტალის სიმწირეში, არამედ იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიების შექმნის ცოდნით ბევრად ჩამოვრჩებით იმ ქვეყნებს, სადაც ცხოვრების დონე ჩვენზე მაღალია, მანამდე ვერასდროს ვერ გამოვალთ ამ მოჯადოებული წრიდან. 20 წელია ინერციით ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ გვქონდეს დიპლომი და არა ცოდნა. გვქონდეს კავშირები და არა კრეატიული აზროვნება. გვქონდეს სუბსიდიები და არა კონკურენცია. გვქონდეს ხარისხი ბიზნესში, ფინანსებში, მენეჯმენტში და არა მათემატიკაში, ფიზიკაში ან ბიოლოგიაში. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
რატომ ვერ პოულობს სამუშაოს უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სტუდენტთა უმრავლესობა?
ახალი სამუშაო ადგილები ყოველ წლიურად არის ბევრად ნაკლები, ვიდრე კურსდამთავრებულთა რაოდენობა. სახელმწიფო უნივერსიტეტები არ განიცდიან სტუდენტების ნაკლებობას, რადგან სტუდენტთა უმრავლესობა ორიენტირებულია დიპლომის მიღებაზე და არა უნარების შეძენაზე. ამდენად, არც უნივერსიტეტები იღლიან ტვინს იმის ფიქრში, თუ როგორი კვალიფიკაციის ადამიანები სჭირდება დამსაქმებელს. რეალურად, შრომის ბაზარზე არის კვალიფიკაციის და არა დიპლომის დეფიციტი. განსაკუთრებით, ეს იგრძნობა ტექნიკური და საინჟინრო დარგების მიმართულებით. უკანასკნელი 15–20 წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო მეტად განვითარდა, ვიდრე იგი ვითარდებოდა მთელი მე–20 საუკუნის განმავლობაში. ჩვენ კი, ამ კუთხით, მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ვართ ისევ. დღეს ჩვენ გვჭირდება ბევრი კურსდამთავრებული, რომელიც დაიწყებს არა სამუშაო ადგილების ძებნას სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ მეწარმე, რომელიც თავად შექმნის სამუშაო ადგილებს და შეძლებს გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს. ეს არ არის მარტივი ამოცანა. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი განაათლება დათვურ სამსახურს უწევს განათლების მიღების მსურველებს. ძალზე დიდი რესურსი უბრალოდ ნიავდება, რომელთა შორის უმთავრესი არის სტუდენტის დრო, რომელიც იკარგება და რომელიც ვერასოდეს ვერ აღდგება.
ძირითადად რა არის დამსაქმებელთა და რა დასაქმებულთა პრობლემები?
ორივეს ერთი რამ აერთიანებს – კვალიფიკაცია. დამსაქმებელი ვერ ვითრდება, რადგან არაკონკურენტუნარიანია და ვერც დასაქმებული ეხმარება დამსაქმებელს ამ მიმართულებით. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბანკირი. ასევე, დავუშვათ, რომ iphone ჯერ არ შექმნილა. თქვენთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც გაგაცნოთ ამ პროდუქტის შექმნის გეგმა. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, როგორც ბანკირი? კვლავ გააგრძელებთ იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაფინანსებას? ბუნებრივია, არა. უფრო მეტიც, შეეცდებით გაცილებით შეღავათიანი პირობებით შესთავაზოთ პროექტის ავტორს კრედიტი, ვიდრე ამას სამომხმარებლო კრედიტის გაცემის დროს აკეთებთ, რადგან ამ მიმართულებით გამოგიჩნდებათ უამრავი კონკურენტი. დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ამ ტიპის პროდუქტით საერთაშორისო ბაზარზე შესვლას „შორსმჭვრეტელი“ მარკეტინგული სტრატეგიების დასახვა და უზარმაზარი ინვესტიციების დახარჯვა არ სჭირდება და თუ საქართველოს ბანკირები, ასე არ მოიქცევიან ან/და რესურსი არ ეყოფათ, უცხოური ინვესტიციები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაჩნდება. სწორედ აქ არის ალგორითმის არსი, სწორედ ამ შემთხვევაში, ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის ტოლობის ნიშანია.
ახალი შრომის კოდექსი რამდენად იცავს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებებს?
შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა საქართველოში. მთავრობა ცვლილების მიზეზად განიხილავდა მოსაზრებას, რომ დასაქმებულთა უფლებები დარღვეულია, რადგან დამსაქმებლებს შეუძლიათ დაქირავებული ადამიანების გათავისუფლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე. საქმე ის არის, რომ სინამდვილეში, განხორციელებული ცვლილებები უფრო მეტად იცავს არაკვალიფიციურ ადამიანებს, რის გამოც შემცირდება კონკურენციის დონე შრომის ბაზარზე და გააუარესდება საინვესტიციო გარემო. შრომითი ურთიერთობა წარმოიქმნება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება შეიძლება იყოს ზეპირი ან გაფორმდეს წერილობით, კონტრაქტის სახით. მეწარმის (ანუ დამსაქმებლის) მიზანია წარმართული საქმიანობიდან მაქსიმალური მოგების მიღება. მიზნის მიღწევაში მას ეხმარება დასაქმებული, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს მეწარმის სასარგებლოდ. მეწარმეს სჭირდება კვალიფიციური ადამიანი, რომელიც შეძლებს მეწარმის მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ამდენად, მეწარმის ინტერესშია შეინარჩუნოს კვალიფიციური რესურსი. უფრო მეტიც, გაუფრთხილდეს მას, იზრუნოს მის მოტივაციაზე, განვითარებაზე, შეუქმნას ხელსაყრელი სამუშაო გარემო, დაუნიშნოს საბაზრო განაკვეთით დადგენილი ხელფასი და სხვა. მეწარმეს ისევე სჭირდება კვალიფიციური რესურსი, როგორც ხარისხიანი ნედლეული კონკურენტუნარიანი პროდუქციის/მომსახურების შესაქმნელად. კვალიფიციური რესურსის დაკარგვის შედეგად, მეწარმე კარგავს მაქსიმალური მოგების მიღების ალბათობას. ასევე, დიდია რისკი, რომ კვალიფიციურ ადამიანს კონკურენტი მეწარმე დაასაქმებს. სინამდვილეში, კვალიფიციური ადამიანის გათავისუფლებით მეწარმე კარგავს უფრო მეტს, ვიდრე თავად კვალიფიციური ადამიანი. ამდენად, კვალიფიციური დასაქმებული დამატებით დაცვას არ საჭიროებს. ამდენად, განხორციელებული ცვლილებები მას დამატებით არანაირ პრივილეგიას არ აძლევს და გრძელვადიან პერიოდში, არც სტაბილურობის განცდას არ უზრდის. პრივილეგიების მოლოდინში არიან სწორედ ის ადამიანები, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია არა გააჩნიათ. ცვლილების მთავარი არსი ის არის, რომ ამ ტიპის ადამიანებს შრომის კოდექსი იცავს უფრო მეტად. აღნიშნული ფაქტი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარზე არსებულ სიტუაციას. კვალიფიციური ადამიანი კარგავს უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე გადასვლის შანსს, რადგან მის ადგილს დაიკავებს არაკვალიფიციური დასაქმებული. მეწარმე, რომელსაც სურს მოგების გაზრდა და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანების დასაქმება, ვერ ახერხებს და შეზღუდულია, რადგან კანონი იცავს არაკვალიფიციურ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, მეწარმე ერიდება ინვესტიციების განხორციელებას. მაშასადამე, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები აუარესებს საინვესტიციო გარემოს.
წინა და ახალი ხელისუფლება ნეპოტიზმში სდებს ერთმანეთს ბრალს, თქვენი აზრით რომელი ხელისუფლების პირობებში იყო უფრო მაღალი ნეპოტიზმის გამოვლინება?
სტატისტიკურ ანალიზს მე, ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას. თუმცა, უდავოა, რომ ნეპოტიზმის დონე ამ ხელისუფლების პირობებშიც ძალზე მაღალია. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ სახელისუფლებო სტრუქტურებზე, როგორც ნეპოტიზმი, ისე კორუფცია დამახასიათებელია, რაც ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების არაეფექტიანობასა და რესურსების ფლანგვას. ვერცერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც არ დგას ნეპოტიზმისა და კორუფციის პრობლემა. განსხვავება მხოლოდ პრობლემის ხარისხშია, რომელიც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ორ ფაქტორთან: სახელმწიფო ინსტიტუტების რაოდენობასა და ამ ინსტიტუტებში დასაქმებული ადამიანების პროფესიონლიზმთან. იმ დაშვებით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების რაოდენობა იზრდება და ჩემი სუბიექტური შეფასებით, იმავდროულად, მასში დასაქმებულ პირთა და განსაკუთრებით, მაღალ თანამდებობზე მყოფი მოხელეების განათლების დონე მცირდება, სავარაუდოდ, ნეპოტიზმისა და კორუფციის დონეც შედარებით მაღალია.
23.05.14
ნინა პირტახია
Discussion about this post