დღეს, გაიმართა საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, მინისტრის მოადგილეების დონეზე, რომლის ფარგლებშიც თბილისს ეწვია სლოვენიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი იგორ სენჩარი.
შეხვედრები გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან და მინისტრის მოადგილესთან თამარ ბერუჩაშვილთან, სადაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. აღინიშნა პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სლოვენიის მხრიდან თბილისში ორმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა. ამ მხრივ, პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო მდივნის სტუმრობა საქართველოში. განსაკუთრებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე, რაც სლოვენიის მხრიდან საქართველოს ევროპული, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა. სლოვენიურმა მხარემ მხარდაჭერა გამოხატა ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობას. სლოვენიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აქვე, გამოითქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში საქართველოსა და სლოვენიას შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში სლოვენიის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან და რუსეთისფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურწარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.
23.05.14