საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. როგორც “თბილისი თაიმს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , ფანჯიკიძის ვიზიტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დღეიდან 30 მაისამდე გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს გაეროში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საქართველოსა და გაეროს წევრ ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილება.
მინისტრი გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენელებს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე და ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე 68-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
მაია ფანჯიკიძე აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელს გაეროსთან სამანდა პაუერს შეხვდება.
ვაშინგტონში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე გამართავს სამუშაო შეხვედრებს. კერძოდ, დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ მიღებას დაესწრება.
27.05.14