საქართველო ახალი ეკონომიკური თუ ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას, ძალიან ცოტა დრო რჩება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, პრემიერ მინისტრის განცხადებით ქვეყანა რეიტინგში მერვე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. თუ რამდენად მარტივია საქართველოში ბიზნესის კეთება, რას მოუტანს ქართულ ეკონომიკას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA), ამ საკითხებზე ”თბილისი თაიმსთან” ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.
აკაკი ცომაია: ”რეიტინგში მერვე ადგილზე ყოფნა არ არის ამ ხელისუფლების დამსახურება”
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში საქართველო მერვე ადგილზეა მსოფლიოში, თქვენი აზრით რამდენად მარტივია დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება და რა დონეზეა კორუფცია ქვეყანაში?
მერვე ადგილი არ არის ამ ხელისუფლების დამსახურება. პირიქით, ამ მიმართულებით, მოქმედმა ხელისუფლებამ შეცვალა შრომის კოდექსი. შემოაქვს მთელი რიგი რეგულაციები (მაგალითად, ანტიმონოპოლიური სამსახური), ზრდის სახელმწიფოს მონაწილეობის წილს ეკონომიკაში (სახელმწიფო ბანკი), ეწევა მასტიმულირებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას (ზრდის შიდა და საგარეო ვალის სიდიდე მშპ–სთან მიმართებაში) და სხვ. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ბიზნესის წარმოების სიმარტივის მომავალ რეიტინგებში.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მეწარმეები ახალი საწარმოსთვის დაბალპროცენტიანი სესხის აღებას შეძლებენ, ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ მეწარმე პირობითად 13%-ში აიღებს სესხს სახელმწიფო დაუფინნასებს 10 %-ს, ასევე გამზადებულია 100-მდე უძრავი ქონება რომელიც სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა მეწარმეს ახალი საწარმოსთვის, როგორ აფასებთ ამ პროექტს, რამდენად შეიუწყობს იგი ხელს მცირე ბიზნესის განვოთარებას?
რეალურად კითხვას ასე დავსვამდი: რა ფასს იხდის ამაში სახელმწიფო, ან რის ხარჯზე ხდება დაფინანსება? ამ კითხვაზე რამოდენიმე პასუხია: 1) გადასახადების გადამხდელები, რომლებიც შემოსავლის იმ ნაწილს, რომელიც გადასახადების სახით სახელმწიფოს გადაუხადეს, სხვანაირად დახარჯავდნენ და გაანაწილებდნენ. მაგალითად, კორპორაცია, რომელსაც აქვს წარმატებული ბიზნესი საქართველოში უკეთესად შეძლებს ბიზნეს–პროექტების განვითარებას, ვიდრე სახელმწიფოს შეღავათებით განებივრებული ის პოტენციური მეწარმე, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას ბიზნესში. ამდენად, სახელმწიფო გადასახადებს ახდევინებს წარმატებულ ბიზნესებს და აბანდებს ინვესტიციებს წარუმატებელ ფირმებში. რამდენად შეუწყობს ეს საკითხი ხელს ეკონომიკის ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში? შეღავათიანი კრედიტის თემა პოლიტიკური ინსტრუმენტია წინასაარჩევნო პერიოდში. ეს მხოლოდ რესურსების გაფლანგვაა და სხვა არაფერი. 2) სახელმწიფოს საშინაო და საგარეო ვალი საგრძნობლად გაიზარდა, რომელიც უნდა გაისტუმროს მომავალმა თაობამ. როდესაც ხდება ვალის მაღალი რისკის ბიზნეს–პროექტებში გასესხება, რამდენად გონივრულია ეს იდეა? ბიზნეს–პროექტი კი ნამდვილად მაღალრისკიანია, რადგან კომერციული ბანკები ასეთ სესხებს ცალსახად არ გასცემენ.
განვითარდება კი მცირე ბიზნესი? ბანკირი კრედიტის გაცემის დროს მოტივირებულია, რომ სანაცვლოდ მიიღოს მაქსიმალური მოგება. ამდენად, საბანკო სფერო მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ ინვესტიციები დააბანდოს მომგებიან ბიზენს–პროექტებში. რითია მოტივირებული სახელმწიფო ჩინოვნიკი? რა რისკების ან გამოწვევების წინაშე დგას იგი, როდესაც იღებს გადაწყვეტილებებს სესხის გაცემის საკითხებზე. რას დაკარგავს იგი, თუ სესხი გაიცა არამომგებიან პროექტში. უდავოა, რომ მზარდი ნეპოტიზმის ფონზე, იზრდება ნაცნობ–მეგობრობით სესხის გაცემის ალბათობა, რაც ასევე გაზრდის კორუფციულ რისკებსაც. გარდა ამისა, რამდენად ქმნის სახელმწიფო თანაბარი კონკურენციის პირობებს, როდესაც გასცემს სესხებს საბაზრო განაკვეთზე საგრძნობლად დაბალი განაკვეთით და არიგებს მიწასა და სხვა აქტივებს 1 ლარად? ცალსახაა, რომ თავისუფალი ბაზრის მექანიზმი ირღვევა, სადაც ჩნდებიან პრივილეგირებულები და არაპრივილიგირებული ადამიანები. არაჯანსაღი შეჯიბრებითობის შედეგად, საზოგადოების კეთილდღეობა, საბოლოო ჯამში, მცირდება.
2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 7,4 პროცენტი, პრემიერ–მინისტრი იმედოვნებს, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ნაწილობრრივ განხცორციელება, რას მოუტანს ამ ხელშეკრულების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკას?
ჩემი პროგნოზით, ეკონომიკა, სავარაუდოდ 4%–ით გაიზრდება მთელი წლის განმავლობაში, რაც ეკონომიკური განვითარების მოცემულ ეტაპზე კარგ შედეგად ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, ხელშეკრულების ხელმოწერა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გრძელვადიან პერიოდში, საერთაშორისო კონკურენციაში მონაწილეობის პერსპექტივები იკვეთება. მით უფრო, რომ შესაძლებელია ევროკავშრთან საერთო საბაჟო კავშირისა და საერთო ბაზრის შექმნაზე მოლაპარაკებების დაწყება, რაც კიდევ უდრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის ქვეყნებთან. თუმცა, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და თავისთავად, ხელშეკრულების გაფორმებით საზოგადოების კეთილდღეობა არ გაიზრდება. ეს ახალი შესაძლებლობებია, რომელსაც გამოყენება სჭირდება. ეს კი მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების უნარზე, შექმნან ის პროდუქტი და მომსახურება, რომელიც ევროკავშირის ბაზარს დააინტერესებს. რამოდენიმე წელია, ევროკავშირის ქვეყნებთან, დიდი რაოდენობის პროდუქციისა და მომსახურების ჩამონათვალზე პრეფერენციული რეჟიმი ვრცელდება, მაგრამ ამ შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ. ამდენად, ამ თვალსაზრისით, მე ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
მიხეილ თოქმაზიშვილი: “ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სწრაფ შედეგს არ უნდა ველოდოთ”
როგორ შეაფასებდით ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ეკონომიკა?
2012 წლიდან დღემდე საქრთველოს ეკონიმიკის ტეპმები შენელდა, რაზედაც რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: წინა წლებში საკუთრების არასამართლიანი გადანაწილების შედეგად წარმოიშვა ე. წ. ელიტარული ბიზნესი, რომლის გამოსწორებასაც და სამართლიანობის აღდგენას ახალი ხელისუფლება შეეცადა, მაგრამ რამადენადაც იგი საკამოდ მასშტაბიანმ აღმოჩნდა და ათასობით საქმე აღიძრა ბიზნესის წილების ხელახალი გადანაწილების მიზნით, ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა ეკონონმიკაზე, რომელიც ფაქტობრივად გადავიდა „მოლოდინის“ რეჟიმში.
რეგიონებში ფინანსური პოლიტიკის ცვლილებამ, სახელმწიფოს ბიუჯეტის ტრანსფერებისა და მუნიციპალური ბიეჯეტის შემცირებამ კი ზეგავლენა მოახდინა რეგიონების განვითარებაზე, რომლის ძირითადი მასტიმულირებელი ფაქტორი იყო მუნიციპალური ბიუჯეტი. ეს და სხვა მოვლენები დროებითია და პოლიტიკის გარდამავალი პერიოდისათვის არის დამახასიათებელი, ამიტომ მოსალონელია, რომ მომავალ პერიოდში ეკონომიკა უკვე პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს, ამის სიმპტომები არსებოს.
ამასთან, იმის გამო რომ არ არსებობს „ პოლიტიკური მემკვიდრეობა“ და ყოველი ხელისუფლება სულ თავიდან იწყებს ეკონომიკის აშენებას წინა პერიოდის ფასეულებების სრული უარყოფის გზით, ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ხოლმე ინვესტორების განწყობას ქვეყნის სტაბილურობისადმი. ყოველი არჩევნები კი ამ განწყობას კიდევ უფრო ამწვავებს. რაც მგრძობიარედ ზემეოქმედებს ეკონიმიკაზეც.
დღეს საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებია: საექსპორტო შესაზლებლობების ზრდა, განათლება, სოფლის მურნეობა, ენერგეტიკა და ინფრატსტრუქტურა. ამას ტურიზმი უნდა დაემატოს და ამ დარგების გგანვითარებაზე უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყნის შენდგომი განვითარებაც.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში საქართველო მერვე ადგილზეა მსოფლიოში, თქვენი აზრით რამდენად მარტივია დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება და რა დონეზეა კორუფცია ქვეყანაში?
ბიზნესის კეთება მარტივია მხოლოდ თუ მხედველობაში გვექნება ფორმალურად ბიზნესის დაფუძნება. პრობლემები მერე იწყება, მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, რაც ხელმიუწვდომელს ხდის ფინანსურ რესურსებს, ბიზნეს გამოცდილების და კვალიფიკაციის არასაკმარისი დონე, ინფრასტრუქტურული პრობლემები და სხვა აფარხებს და ძვირად ღირებულს ხდის საქართელოში ბიზნესის წარმოებას.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მეწარმეები ახალი საწარმოსთვის დაბალპროცენტიანი სესხის აღებას შეძლებენ, ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ მეწარმე პირობითად 13%-ში აიღებს სესხს სახელმწიფო დაუფინნასებს 10 %-ს, ასევე გამზადებულია 100-მდე უძრავი ქონება რომელიც სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა მეწარმეს ახალი საწარმოსთვის, როგორ აფასებთ ამ პროექტს, რამდენად შეიუწყობს იგი ხელს მცირე ბიზნესის განვოთარებას?
საპროცენტო განკვეტების სუბსიდირება მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა და მისი გამოყენება მიზანშწონილია, განსაკუთრევით მცირე ბიზნესისათვის. ქონების გადაცემა უსასყიდლოდ კი ჩემთვის გაუკრეელია, თუ რა მიზანს ემსახურება. თუ ასეთ ქონებას ღირებულება არ აქვს, მაშინ არ სჭირდება იგი მეწარმეს, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, მაშინ რატომ გასცემენ სიმბოლურ ფასად?. ეს უკვე ფლანგვაა, თუმცა მე არ ვიცი რა ქონებაზეა საუბარი და ამიტომ არ შემიძლია ბოლომდე შევაფასო ეს ღონისძიება.
2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 7,4 პროცენტი, პრემიერ–მინისტრი იმედოვნებს, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ნაწილობრრივ განხცორციელება, რას მოუტანს ამ ხელშეკრულების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკას?
თავისუფალი სავაჭრო ხეკშკრულება ეს არის საქართველოს ახალი ეტაპი, თუმცა სწრაფ ეფექტს არ უნდა ველოდოთ, რადგად საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება შეასრულოს ყველა ის პირობა ( სასურსათო უსაფრთხოება ადამიანის უფლებეის დაცვა, ევროპული სერტიფიცირება, ტექნიკური სტანდარტები და სხვ), რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს ივაჭროს ეევროპასთან. მხოლოდ ხანგრძლივ პერიოდში იქნება შესაძლებელი მისგან სარგებლის მიღება, იმ შემთხვევაში თუ გაძლიერდება რეფორმები ამ მიმართულებით.
რომან გოცირიძე: ” რაღაც დოზით ყირიმის ჩანაცვლება უნდა მოხდეს აჭარით”
„ეკონომიკა მოლოდინის რეჟიმშია. ვერ გამოვიდა არჩევნების შემდგომი დაბნეულობიდან. არ ჩანს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა მთავრობას. პროგრამის მიღებაც ყოვნდება, რათა ყველამ იცოდეს მთავრობაში ორიენტირი და არ იყოს ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები. მთავარ გამოწვევად რჩება ბიუჯეტი. უკვე დაიწყო გეგმისაგან ჩამორჩენა. არ მოდის დროულად გრანტები და საგარეო სესხები, რაც ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მთავარი წყაროა. ეს იმის გამო ხდება, რომ ვერ ხერხდება იმ სამუშაოების შესრულება, რისთვისაც თანხებია გათვალისწინებული. არა და, ეს სამუშაოები მილიარდ ლაზე მეტი ღირებულებისაა. ამას სხვა უარყოფითი დატვირთვაც აქვს. არ შემოდის დროზე უცხოური ვალუტა, რაც ქმნის ლარის გაუფასურების საფრთხეს და ეროვნული ბანკის რეზერვების შეუვსებლობას საკმარის დონემდე. ამიტომ რისკიანი იქნება ნოემბერ – დეკემბრის თვე. ხუთი თვე მთავრდება და 9 მილიარდიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ სამი მილიარდია დახარჯული. ანუ სახეზეა შარშანდელი პრობლემა, რაც ბიუჯეტის არარიტმულ აღსრულებაში გამოიხატება. ბოლო კვარტალში თანხების „მიყრა“ დიდ ზეწოლას ახდენს ლარზე და ეროვნულ ბანკს უწევს მნიშვნელოვანი ინტერვენციების განხორციელება. წელს ამის ფუფუნება არ გვექნება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეზერვების ფორმირებაში გარკვეული პრობლემები შეიმჩნევა. თუ რეზერვების ადეკვატურობის ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებელს დავაკვირდებით, იგი საკმაოდ შემცირდა, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმებით (იმპორტის 3 თვის ოდენობა), იგი ნორმაში იმყოფება. აქ საუბარია ტენდენციაზე. თუ 2009 წელს ჩვენი რეზერვები იყო ჩვენივე 4,8 თვის იმპორტისთვის საკმარისი, 2010 წელს-4,4-ის, 2011 წელს-4,2-ის, იგი 2012 წელს შემცირდა 3,8 თვემდე, ხოლო 2013 წელს-3,5 თვემდე. მიმდინარე წლის ბოლოსათვის მოსალოდნელია, რომ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს და 3 თვეს ჩამოცდება. არის ერთ დამაფიქრებელი მომენტიც: წელს გვიწევს საკმაო ოდენობის საგარეო ვალის გადახდა. თუ დაგეგმილი თანხები უცხოური ვალუტის სახით სრული მოცულობით არ შემოვიდა, ეროვნული ბანკის რეზერვები კიდევ უფრო მოიკლებს და მას ხელ-ფეხი შეეკვრება ლარის მოსალოდნელი რყევების აცილების საქმეში. თუ ამას დაემატა უცხოური შემოდინებების ( ინვესტიციები, ტრანსფერები) შემცირება, ვითარება შეიძლება დამძიმდეს. მაგალითად, არასასიამოვნოა ლარსის გზის ჩაკეტვა, ისევე როგორც უკრაინის მოვლენები. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გზა მალე გაიხსნება და არ მოახდენს იგი ცუდ გავლენას რუსეთთან ვაჭრობაზე და ტურისტების მოძრაობაზე.
შეიძლება თუ არა მოხდეს ნეგატიური ფაქტორების კომპენსირება სხვა რამით.?
ალბათ ტურისტების რაოდენობის ზრდით უკრაინიდან. პირველი ნიშნები უკვე არის. იალტისა და სიმფეროპოლის ნაცვლად ბათუმში უკვე შემოვიდა საკრუიზო გემი. რაღაც ზომით ყირიმის ჩანაცვლება უნდა მოხდეს აჭარით, თუ ამინდებმა შეგვიწყო ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია კაზანტიპის გასართობი ( საცეკვაო) ბანაკის ანაკლიაში გამართვა. რასაც ამბობენ იმის მესამედიც რომ ჩამოვიდეს, 10-20 ათასი მონაწილე, დიდი ამბავი იქნება. უცხოელი ტურისტების სულ სხვა ასაკობრივი კატეგორია გაჩნდება ქვეყანაში. მთავარია კარგარდ ჩატარდეს პირველ წელს. გაათმაგებული უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხები. სამომვლოდ ამან შეიძლება კარგ ბიძგი მისცეს ტურიზმის განვითარებას. უდაოდ დიდი პლიუსი იქნება მთავრობის მუშაობის ამ მხრივ, თუ ეს ფესტივალი აქ ფეხს მოიკიდებს. პოლიციის გამართულ მუშაობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქართველ ახალგაზრდებს ( განსაკუთრებით რეგიონში) ნაკლება აქვთ უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობების გამოცდილება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ( არის ენობრივი ბარიერიც), საჭიროა სიფრთხილის დაცვა. საკმარისია მოხდეს რაიმე რეზონანსული სკანდალი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი პერსპექტივა. ისე, ქების ღირსია, ვინც ამ იდეის ხორცშესხმა ირწმუნა და ხელი მოკიდა მას.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში საქართველო მერვე ადგილზეა მსოფლიოში, თქვენი აზრით რამდენად მარტივია დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება და რა დონეზეა კორუფცია ქვეყანაში?
პრემიერ-მინისტრმა ბელგიაში შეხვედრებისას სიამაყით განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო თავისუფლების ინდექსში-22-ე. ეს ის ინდექსებია, რომელიც მოიხსენიებოდა როგორც ბლეფი და უცხოელებისათვის თვალისახვევა. რუსეთსაც შეეძლო თავისი დიდი ფულით თვალი აეხვია სხვებისთვის, მაგრამ ჯერ ასეულშიც ვერ შევიდა. ასე რომ, პასუხისმგებლურმა ხელისუფლებამ უნდა დააფასოს წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი და უარი უნდა თქვას ცუდზე. ამის გაუკეთებლობა საბოლო ჯამში თავად მასაც დააზარალებს, რადგან ადრე თუ გვიან ამის აღიარება მაინც მოუხდება.
რაც შეეხება თავად ამ განცხადების შინაარს, ეს არის სწორი. ქვეყანაში არის ბიზნესის მინიმალური რეგულირება და ნებართვები, დაბალი გადასახადები, გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურები, მარტივი რეგისტრაცია. თუნდაც საჯარო რეესტრში გასახორციელებელი პროცედურები გავიხსენოთ. თუმცა ეს არის აუცილებელი პირობა და არა ერთადერთი ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისათვის. საჭიროა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, გამართული სავალუტო და საბიუჯეტო პოლიტიკა, ინვესტიციების მოზიდვა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მთავრობის და ხელისუფლების სხვა ორგანოების მართვის უნარს, ნათელ ხედვას. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ძალიან მოისუსტებს. არა აქვთ არც გამოცდილება და არც სხვა ჩვევები. ინერციით მოქმედებენ. სუსტია ეკონომიკური განსწავლულობის დონე. ეს ყოველივე ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უკვე იწყება ლიბერალური კურსის რევიზია, ხდება ზოგიერთი მარეგულირებელი ნორმების აღდგენა. მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავს ისეთ პროექტებში, რომელიც მისი საქმე არ არის. ბიუჯეტი არის დეფიციტური და იზრდება ვალები. განსაკუთრებით, შიდა ვალი.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მეწარმეები ახალი საწარმოსთვის დაბალპროცენტიანი სესხის აღებას შეძლებენ, ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ მეწარმე პირობითად 13%-ში აიღებს სესხს სახელმწიფო დაუფინნასებს 10 %-ს, ასევე გამზადებულია 100-მდე უძრავი ქონება რომელიც სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა მეწარმეს ახალი საწარმოსთვის, როგორ აფასებთ ამ პროექტს, რამდენად შეიუწყობს იგი ხელს მცირე ბიზნესის განვთარებას?
მთავარია, როგორ განხორციელდება ეს იდეა, რამდენად სიცოცხლისუნარიანი პროექტები შეირჩევა. ზოგადად, არ მჯერა იმ პროექტების, რომლებიც არაკომერციულ საწყისებზე წარმოიქმნება. ასე მოუვიდა მთავრობის 3-4 წლის წინ შექმნილ აგროსაწარმოებს, რომელთა უმეტესობა გაჩერებულია და რომელთა ერთი ნაწილი ამ დღეეში გაიყიდება. რაც შეეხება უძრავი ქონების შეთავაზებას, არ არის ცუდი იდეა, მაგრამ არა მგონია ეს იმათ მოეწონოს, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს. თუ სხვებთან, გამოცდილებთან შეამხანაგდებიან, უკეთესი იქნება. თუმცა, აქ არ ჩანს, ეს შეუძლიათ თუ არა. ეს პროგრამა ხომ დამწყებებზეა გათვალისწინებული. ალბათ, არავინ დაუშლის.მთავრობა უნდა გადავიდეს რეალურად ბიზნესის წახალისებაზე საკანონმდებლო თუ სხვა ფორმით, სამართლიანი და თანაბარი პირობების შექმნაზე და სხვა. თვითონ უნდა გამოვიდეს ყველა ბიზნეს-საქმიანობიდან. მათი გრანტებითა და სესხებით წახალისება არ მიმაჩნია სწორად. იაფი სესხები შეიძლება ძალზე იშვიათ შემთხვევაში და არა ისე ხელაღებით.
ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია მთავრობის სუბსიდირებითა და სხვა ხარჯებით. უმჯობესი იქნებოდა ეს კერძო ბიზნესის გააქტიურებით ყოფილიყო წამოსული?
სახელმწიფოს მიერ გაწეული ინვესტიციები არის დროებითი მოვლენა. თუნდაც ხვნა-თესვასა და ტრაქტორების შეძენეაზე დახარჯული თახნები რომ გადაცემული ყოფილიყო კერძო სექტორზე, ბევრად სხვა შედეგი იქნებოდა. როდესმე ეს კამპანია დამთავრდება და დავინახავთ, რომ ისევ იქ ვიტკეპნებით, საიდანაც დავიწყეთ, არ შექმნილა ახალი სისტემა, ფული კი უამრავი დაიხარჯა.
2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 7,4 პროცენტი, პრემიერ–მინისტრი იმედოვნებს, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ნაწილობრივ განხცორციელება. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი შეთანხმების ხელმოწერამდე და შემდგომ უკვე ამოქმედებადე, თქვენი შეფასებით, რას მოუტანს აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკას?
ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მის შედეგებს უფრო მეტად ვიგრძნობთ სამომავლოდ. უცხოელ ინვესტორებსაც გაუჩნდებათ სურვილი საქართველოში შემოსვლის, რათა აქაურობა გამოიყენონ ტრამპლინად ევროპის ბაზარზე დაუბეგრავად შესასვლელად.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, კარგი იქნება, თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, თუმცა ეჭვი მეპარება. არც ხუთპროცენტიანი მატება იქნება ურიგო შარშანდელ ჩავარდნასთან შედარებით და ალბათ ასეც იქნება.
28.05.14
ნინა პირტახია