ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ჩინური მხარის მიწვევით, ორდღიანი ვიზიტით პეკინში გაემგზავრა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღე, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დავით საგანელიძის შეხვედრა ჩინურ მხარესთან, რომელზეც საქართველოში ჩინეთის სახელმწიფო განვითარების ბანკის წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილება.
აღნიშნული წარმომადგენლობა სავარაუდოდ, ამიერკავკასიის რეგიონალურ პროექტებს მოემსახურება.
დავით საგანელიძე ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს, ლიი გიპინგს 4 აპრილს შეხვდა. შეხვედრაზე ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში პირადად ჩართვის თაობაზე, კონსულტაციების გამართვის, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს იმ პროექტების დაფინანსების მხარდაჭერაც აღუთქვა, რომლებიც ამ ბანკის მიერ იქნება განხორციელებული.
30.05.14