აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებს თავისი პირველი ბრძანება გააცნო, დეფაქტო პრემიერის, ლეონიდ ლაკერბაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მის მოვალეობას კი ვიცე პრემიერი, ფინანსთა დეფაქტო მინისტრი ვლადიმერ დელბა შეასრულებს. ამის შესახებ “აფსნიპრესი” იუწყება.
ბგანბას თქმით, ყველა დანარჩენი მინისტრი თანამდებობაზე რჩება და ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობას შეასრულებს.
“ცხოვრება არავის გაუჩერებია. ყველა რთულ ვითარებაში ვართ და აუცილებელია ამ სირთულიდან გამოსვლა”, – განაცხადა ბგანბამ. მან ყველა მინისტრს თავის სფეროში მუშაობისკენ მოუწდა.
დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს კი საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე გონივრულად უნდა მივიდნენ, ყოველგვარი “რევოლუციური მტვრის გარეშე და შენების სურვილით”. მისი თქმით, სწორედ მინისტრთა კაბინეტზეა დამოკიდებული, რამდენად მშვიდად მივლენ არჩევნებამდე.
03.06.14