საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ანკარა) ჯორჯ კაბრალი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პორტუგალიური ენის ცენტრის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ პორტუგალიური ენის მცოდნე ქართველი ახალგაზრდების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები. ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ასოცირების შესახებ შეთანხმების 27 ივნისს ხელმოწერის მნიშვნელობასა და შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციაზე.
შეხვედრაზე პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევეროატლატიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო პორტუგალიურ ენოვანი თანამეგობრობის ორგანიზაციაში (CPLP) საქართველოს ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების საკითხს.
მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა თანამეგობრობის ფორუმებში ხელს შეუწყობს ლუზოფონურ სამყაროსთან ორმხივად სასარგებლო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას.
03.06.14