ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც ქვეყანას წარმატება მოუტანეს, სახელმწიფოსგან ფულად პრემიებს მიიღებენ.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
“დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სპორტსმენების წახალისებასა და პრემირებასთან დაკავშირებით. ის სპორტსმენები, ვინც წარმატება მოუტანეს ჩვენ ქვეყანას, წახალისებულები არიან სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური პრემიებით”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ამასთან, მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთ საკითხზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა შესაძლოა საქართველოში გაიმართოს.
“გვაქვს სურვილი, რომ 2018 წელს საქართველოში ჩავატაროთ საჭადრაკო ოლიმპიადა. ეს მეტად მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ ტრადიციებს, რომელიც აქვს საქართველოს სპორტის ამ სახეობის მიმართულებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ აგვისტოში წარვადგინოთ პრეზენტაცია მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციაში. ჩვენი კონკურენტი არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ამიტომ რეალური შანსი არსებობს, რომ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოში’ გაიმართოს”, – აღნიშნა მინისტრმა.
06.06.14