13 ივნისს საქართველოს ევროკომისიის პრეიზდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა. როგორც ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, 13 ივნისს ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოს ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას გახნის.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ამ მასშტაბის კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოში და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას.
ზალკალიანის განცხადებით, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის ფონზე.
ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ეძლევა კარგი შესაძლებობა კონფერენციის მსვლელობისას საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ეფექტიან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების დღის წესრიგი და პრიორიტეტები, ასევე წარმოაჩინოს საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მიმართულებით შექმნილი ახალი პერსპექტივები.
კონფერენციის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმობა ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისა და ასევე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, ევროკომისიის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები.
09.06.14