როდესაც ვხედავთ კანდიდატს, რომელიც მოდის დასისხლიანებული სახით ან აგრესიაა საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ – ეს არ არის კარგი ნიშანი, როგორც საარჩევნო გარემოსთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის“, -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს. ნორლანდმა ჟურნალისტებთან კომენტარი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ გააკეთა.
„არჩევნები არის ის, რომლის მოსაგებადაც იბრძვიან, მაგრამ ამავე დროს ძალადობას, დაშინებას, საარჩევნო კომისიის წევრებზე გარკვეულ ზეწოლას, არ აქვს გამართლება. გზავნილი უნდა იყოს პოლიტიკური, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს. ჩვენც, საელჩოც და სხვებიც აკეთებდნენ განცხადებებს საარჩევნო გარემოს ხარისხთან დაკავშირებით. ნამდვილად ადრეა იმის თქმა, რომ საარჩევნო გარემო ცუდია ან გაუარესებულია. მაგრამ როდესაც ვხედავთ კანდიდატს, რომელიც მოდის დასისხლიანებული სახით ან აგრესიაა საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ – ეს არ არის კარგი ნიშანი, როგორც საარჩევნო გარემოსთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ლიდერებმა ზუსტი სიგნალი გაუგზავნონ თავიანთ წევრებს. ამასთან დაკავშირებით კეთდება კიდეც განცხადებები. ბატონმა კალაძემ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომ „ქართული ოცნება“ ემიჯნება ასეთ მიდგომებს. ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული მნიშვნელოვანი გზავნილი“,-აცხადებს ელჩი.
ნორლანდმა კომენტარი საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„განცხადება ასახავდა საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ შეშფოთებას, რომელიც ეხება რისკს და რომლის წინაშე, შესაძლოა, დადგეს საქართველო, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მან დაამკვიდრა ორი უკანასკნელი არჩევნების დროს. საქართველოს მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობაში, მათ შორის ჩვენც, ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნებში სტანდარტი საფრთხის ქვეშ არ დადგება და მაღალი სტანდარტი დაკმაყოფილებული იქნება“,-აცხადებს ნორლანდი.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა საელჩომ ხელისუფლებას მიმართა, ობიექტურად გამოიძიოს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს საელჩო წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
10.06.14