აფხაზეთსა და ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს ქართველი ერი და არა მხოლოდ ქართველი ერი, დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს. ბოლო დროს ვითარება შეიცვალა აფხაზეთში, ყველას აინტერესებს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, გართულდება თუ არა სიტუაცია.
აფხაზეთში განვითარებული სიტუაციაზე, მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე, ,,თბილისი თაიმსს“ ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.
27 მაისს სოხუმში მთავრობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები ანქვაბის გადადგომით დასრულდა. “პარლამენტმა” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა დანიშნა. აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოსთვის დაიგეგმა. თქვენი აზრით, რა მიზეზებით იყო გამოწვეული აფხაზეთში ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები, რამაც ანქვაბის გადადგომა გამოიწვია?
ოფიციალური ვერსიით, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმ მძიმე სოცალური ფონით და კორუფციის მაღალი დონით, რაც იყო აფხაზეთში. ეს არის ოფიციალური ვერსია და იქ შეკრებილი ხალხის ძირითადი მოთხოვნაა ამის გამოსწორება. მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ კარგა ხანია ეს მოვლენები მზადდება და სულ მცირე ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ხელმძღვანელობს რაულ ხაჯიმბა სათავისოდ გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, მოდით დავსვათ შეკითხვა რეალურად იყო თუ არა მძიმე სოციალური ფონი და კორუფცია?! რასაკირველია, ურთულესი მდგომარეობა იყო ამ მხრივ აფხაზეთში და ეს განპირობებულია შემდეგი მიზეზებით. პირველი, მოგეხსენებათ აფხაზეთში ეკონომიკა არ არის, არის მცირე ბიზნესი, ბიზნესის რაღაც ელემენტებია განვითარებული და აფხაზეთის ბიუჯეტის 70%-75%-ს აფინანსებს მოსკოვი. აქედან გამომდინარე, მოსკოვის დაფინანსება განსაზღვრულია კონკრეტული პროგრამებისთვის მშენებლობისთვის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ა.შ. აფხაზეთის ბიუჯეტი რომელსაც თვითონ გამოიმუშავებს, აქედან 25%-30%-ი ორიენტირებულია ჯანდაცვაზე, სოციალურ დახმარებებზე, პენსიებზე და უსაფრთხოების სისტემების მუშაობაზე. ე.ი. პრინციპში უნდა ითქვას, რომ რუსეთი აფხაზეთს აქამდე აძლევდა საკმაოდ დიდ ფულს, ეს იყო დაახლოებით 3-4 მილიარდი რუბლი წელიწადში, მიმდინარე წელს მისცა მხოლოდ ერთი მილიარდი რუბლი, ამან გამოიწვია ფულის დეფიციტი ანუ პროგრამების დიდი ნაწილი აღარ ფინანსდება, ე.ი. ფულის დეფიციტი არის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური მდგომარეობისა. მეორე მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთში არის კლანური მმართველობა, როდესაც თანამდებობაზე ხვდება ერთი რომელიმე ჩინოვნიკი, ჩათვალე, რომ ეს კაცი მარტო არ არის, მის უკან დგას მისი კლანი, ე.ი ერთი მუშაობს, დანარჩენი ჭამს, ჭამს იმ ფულს რომელიც ძირითადად რუსეთიდან ჩამოდის. პრაქტიკულად ეხლა ანქვაბი და მისი გუნდი განაგებდა ამ ფულის განაწილებას, ხაჯიმბა და მისი კლანი კი ვერ ახერხებდა. მესამე მიზეზი არის ის, რომ ხაჯიმბას ჰქონდა მუდმივი ლტოლვა ხელმძღვნლის პოსტის ჩასაგდებად, ხაჯიმბა იყო ვიცე-პრეზიდენტიც, პრემიერიც მაგრამ ყოველთვის მარცხდებოდა არჩევნებში. 2003 წელს პუტინმა მას მიანიჭა რუსეთის ფე-ეს-ბეს გენერალ-მაიორის წოდება და წარადგინა როგორც მოსკოვის კანდიდატურა აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე არძიმბას სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ გავიდა ორი არჩევნები და ორივე წააგო, ამიტომ როგოც ჩანს მოსკოვში დაიგეგმა ანქვაბის შეცვლის ოპერაცია მითუმეტეს, რომ მოსკოვს ამის მიზეზი ჰქონდა. ძალიან საინტერესოდ იქცევა ზოგადად აფხაზეთის მართველი ელიტა, მათ შორის აფხაზეთის პრეზიდენტები, ყველას სჭირდება რუსული ფული და ითხოვენ ამ ფულს, მაგრამ რუსეთის დავალების შესრულება ცალსახად არ უნდათ,ზოგ დავალებას ასრულებენ, ზოგს არა. მაგალითად ბაღაბშიც და ანქვაბიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს იმაზე, რომ ახალი გზა ამუშავებულიყო ჩერქეზიდან სოხუმამდე, ეს არის ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელი ხაზი. წინააღმდეგი იყვნენ იმისა, რომ შექმნილიყო საპორტო სისტემა ოჩამჩირეში და სოხუმში, ამუშავებულიყო რკინიგზა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეწინააღმდეგებოდნენ ენგურ ჰესის გაყიდვას, სხვათაშორის, ეს ქართველებისგან განსხვავებით, ქართველებმა გაყიდეს, მაგრამ აფხაზების უარმა ჩაშალა და ა.შ. რაც მთავარია ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზეთის შავი ზღვის პირეთის გაყიდვას. მოკლედ, აფხაზეთის ბოლო ორი პრეზიდენტი იყო საკმაოდ ჯიუტი და მიუღებელიც კი მოსკოვისათვის, ასე რომ მოსკოვს აწყობდა ისეთი ადამიანი აფხაზეთის ხელისუფლებაში, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს, ესეთი პიროვნებაა ხაჯიმბა, ხაჯიმბამ კი ეს სიტუაცია გამოიყენა და მოვლენები დააჩქარა, საქმე იმაშია, რომ რამდენად პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს გეგმა კი არსებობდა ხაჯიმბის მოყვანის, მაგრამ რუსეთს ახლა არანაირად არ აწყობდა აფხაზეთში არეულობა უკრაინის მოვლენების ფონზე, ამიტომ არ იყო მზად იმისათვის რაც აფხაზეთში მოხდა. საინტერესო ისაა, რომ 2004 წელს როცა ხაჯიმბა პრემიერი იყო, როცა ხალხი ასევე მივიდა მთავრობის რეზიდენციასთან აქციებით, ხაჯიმბა ზუსტად იმ კაბინეტიდან, ზუსტად იმ კორიდორით, იმ შავი გასასვლელით გაიპარა, როგორც ახლა ანქვაბმა გააკეთა, ხაჯიმბამ სიტუაცია ისე ააგორა, რომ მის გარდა სხვა ფიგურა აღარ დარჩა ლიდერად.
რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების რეაგირება ამ მოვლენებზე?
ჩვენმა ხელისუფლებამ რა უნდა ქნას? 2008 წლის შემდეგ ჩვენ ბორკილები გვადევს, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ერთადერთი არის საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობა იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება, მეცინება ხოლმე, ბოკერია გამოვიდა და გამნაცხადა, რომ კიდევ უფრო გააქტიუროს, მაქსიმალური უნდა გააკეთოს ქართულმა დიპლომატიამ, რომ დასავლეთი აქტიურად იყოს ჩართულიო, კი უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდევაც, მაგრამ მეტი რა უნდა გააკეთოს?! ე.ი. არის დიპლომატიაში ასეთი მოცემულობა, როდესაც გარკვეული ზღვარის შემდეგ აღარავის არ უნდა შენი საქმით დაკავდეს, დღეს დასავლეთისთვის აქტუალური არის უკრაინის თემა და არა აფხაზეთის თემა, რამდენად პარადოქსურად არ უნდა ჟღერდეს არც რუსეთისთვისაა დღეს მთავარი აფხაზეთის თემა იმიტომ, რომ დღეს რუსეთმა აისრულა ის, რაც მას უნდოდა, ესაა შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება, ესაა ყირიმის უზარმაზარი სანაპირო ზოლი, რაში სჭირდება ეხლა მას აფხაზეთი? საქართველოს ხელისუფლების ქმედება ვერ იქნება იმაზე მეტი, რასაც აკეთებს. საქართველოს, რომ ქონდეს არჩეული უფრო რბილი კურსი, უფრო ნაკლებად ორიენტირებული ნატოზე მაშინ შესაძლებელია შეიქმნას დიალოგის რეჟიმი და აუცილებელიცაა მე თუ მკითხავთ რუსეთთან და რაც მთავარია აფხაზეთთან, მაგრამ ამას არ აკეთებს საქართველსო ხელისუფლება იმიტომ, რომ თავისი პოლიტიკის ტყვეობაშია.
,აფხაზეთი შესაძლოა აღარ იყოს“ განახცადა ანქვაბმა, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა იგულისხმა ამ განცხადებით ანქვაბმა?
ანქვაბმა იგულისხმა შემდეგი: დღეს მეორე, ასეთივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის შემადგენლობაში მოხვდეს, ობიექტურობისთვის საჭიროა ითქვას, რომ აფხაზეთი ამას არ აკეთებს, პირიქით ყველანაირად ცდილობს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, თუმცა ცოტა სასაცილო ვითარებაში ხდება, როცა ფული სხვისი უნდათ და თვითონ არაფრის კეთება,ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნელ-ნელა აფხაზეთი დაადგება რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციის გზას, აი ამას ამბობდა ანქვაბი,შეიძლება ხაჯიმბას შემთხვევაში აფხაზეთი არ შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, ამის საშუალებას აფხაზები ხაჯიმბას არ მისცემენ, მაგრამ ის, რომ შესრულდეს რუსეთის ყველა ის თხოვნა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი ეს შესაძლებელია და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ აფხაზეთში კატასტროფულად შეიცვლება დემოგრაფიული სურათი, ეკონომიკა გადავა სხვის ხელში და მერე დარჩებიან დეკორატიულ ფიგურებად აფხაზები, ამას კარგად ხვდებოდა ანქვაბი.
ლიტვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უმჯობესია საქართველო ნატოში შევიდეს სოხუმისა და ცხინვალის გარეშე, ვიდრე საერთოდ ვერ შევიდეს, როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი? ხომ არ არის ეს მიმანიშნებელი იმისა, რომ ვიფიქროთ გავწევრიანდეთ ნატოში ჩვენი ტერიტორიის 20% გარეშე?
ეს ყველაფერი სიტყვებია, საქმე ის არის, რომ ევროპაში არსებობს სულ მცირე ოთხი ქვეყანა, ოთხი გავლენიანი ქვეყანა, რომელთაც საქართველოს ნატოში ნახვა დღესდღეობით არ უნდა და მათი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. მათ შორის ყველაზე სერიოზულია გერმანია, გერმანიის პოზიცია არის შეუვალი, რაც არ უნდა კატეგორიული იყო აშშ-ის ხელმძღვანელობა დღეს მსოფლიო შეიცვალა, ამინდს ქმნიან ქვეყნები ვის ხარჯზეც ცხოვრობს დანარჩენი წევრები. წლები იყო ამერიკის ხარჯზე ცხოვრობდა მთელი ევროპა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დღეს შეიცვალა მდგომარეობა, ევროპა ნორვეგიის გარდა, თითქმის ყველა ცხოვრობს გერმანიის ხარჯზე. ამიტომ გერმანიას შეუძლია თავის გადაწყვეტილებებში იყოს მყარი. ეს არის სატყუარა იმ ქართველი პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც მუდამ იმის ლოდინში არიან თუ რას იტყვიან ვაშინგტონში და ბრიუსელში, საქართველოს ხელისუფლებებს, სამწუხაროდ, წინა ორივე ხელისუფლების შემთხვევაშიც საკუთარი ვარიანტები, რა ნაბიჯები უნდა გადგვედგა არ ქონდათ, არც ამ ხელისუფლებას არ აქვს, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ.
აფხაზეთში ხელისუფლების ცვილების შემდეგ ემუქრება თუ არა გალში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას დევნა და დევნილობა?
ცალსახად ამის თქმა რთულია, გააჩნია ვინ მოვა ხელისუფლებაში. მათი მდგომარეობა რომ დამძიმდება ეს ფაქტია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათი დატოვება მოქალაქეობის გარეშე, რაც ფარული ეთნოწმენდაა, აფხაზური კანოდნმდებლობით ვინც არ არის აფხაზეთის მოქალაქე მას არა აქვს უფლება ჰქონდეს კერძო საკუთრება, ე.ი. გალის, ტყვარჩელის თუ ოჩამჩირის მოსახლეს თუ არ ექნა აფხაზეთის მოქალაქეობა მამა-პაპის სახლი მის კერძო საკუთრებაში ვერ იქნება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ იქიდან ხალხის დიდი რაოდენობა აიყაროს, თუმცა არის ვარიანტი, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობა დაამთავრონ და ეს თემა ახალმა ხელისუფლებამ საერთოდ დაივიწყოს. თუმცა დარწმუნებული ვარ პასპორტების გაცემა ქართველებისთვის ძალიან შეიზღუდება.
თქვენი აზრით, აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოხუმის ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოსთან მიმართებაში?
საქართველოს ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც ინიციატივას მისცემს მას ხელში, ჩვენ ხომ ინიციატივა არ გვაქვს, ჩვენ ხომ სულ მოვლენების განვითარებას მივსდევთ, ამიტომ ინიციატივა უნდა გვქონდეს ხელში, მაგალითად – მე 2010 წელს მოვახდინე ასეთი იდეის პრეზენდიტრება, მოდით მივცეთ აფხაზებს დამოუკიდებლობა, ოღნოდ მივცეთ დამოუკიდებლობა ორი პირობით, ერთი არის რუსეთი ჯარების უპირობო გაყვანა და დევნილების დაბრუნების დაწყება, ეს უნდა ყოფილიყო პარალელური პროცესები, რას მოიტანდა ეს? ჯერ ერთი, ინიციატივა ჩვენს ხელში იქნებოდა იმიტომ, რომ პირობებს ვკარნახობდით ჩვენ, მეორე თუ აფხაზები უარს იტყოდნენ და ისინი აუცილებლად უარს იტყოდნე ჯარის გაყვანაზე, მსოფლიო დაინახავდა, რომ აფხაზებს დამოუკიდებლობა კი არ უნდათ, უნდათ რუსების სატელიტად ყოფნა, გარდა ამისა რუსებთანაც შეიძლებოდა მოლაპარაკება, დაყენება ამ საკითხის, თქვენ ხომ გინდოდათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, აი, ვაძლევ, ხომ გინდათ, რომ გაეროს წევრი იყოს, ი ბატონო, რუსები ამაზე არ წამოვიდოდნენ და თავის ჯარებს არ გაიყვანდნენ აფხაზეთიდან, ვთქვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ორივე მხარე დათანხმდა, გაიყვანეს ჯარი და დააბრუნეს დევნილები, ე.ი. დღეს ეშინიათ 40 000 ქართველი მაცხოვრებლებისა და წარმოიდგინეთ 150 000 ქართველი, რომ იქნებოდა რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა იქაურობა, ყველაფრის თქმა გაზეთის ფურცლებიდან არ შეიძლება, მაგრამ ესეთი სვლა ინიციატივას გვაძლევს ხელში. ხომ ხედავ ხელიდან გვეცლება ეს კუთხე, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და კრუხებივით ვაზივართ ამ თემას, რომ ვიღაცა დაგვიბრუნებს აფხაზეთს, არ დაგვიბრუნებს არავინ თუ ჩვენს ხელში არ იქნება ინიციატივა. თუ თქვენ მკითხავთ სამაჩაბლოსთან შეიძლება თუ არა ამ ფორმულის მიყენება, მე გეტყვით, რომ არა, იქ,სხვა სიტუციაა, იქ სხვანაირად უნდა მიუდგე. ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს ინიციატივა, ეს ხელისუფლების პრეროგატივაა, მე ვარ ერთი კაცი, ხელისუფლებას კი ყავს ამისი უწყებები, სამინისტროები და მოიფიქრონ, მაგრამ ასე ყოფნა არ შეიძლება, ვერაფერს ვერ ვიღებთ და ყოველ დღიურად რაღაცას ვკარგავთ.
ერთი პერიოდი აქტუალური იყო აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემა,თუმცა ეს ვერ განცორხრციელა, თქვენი აზრით რა იყო ამის მიზეზი?
პირველ რიგში აზერბაიჯანის პოზიციამ, აზერბაიჯანი თვლიდ, რომ ეს იქნებოდა სომხეთისათვის ბონუსი, ანუ სომხეთის ეკონომიკური ბლოკადა დაირღვეოდა, აზერბაიჯანის მომხრეა თურქეთი, ე.ი. რეგიონში უკვე მეორე სახელმწიფოცაა, რომელიც ამ იდეის წინააღმდეგია, გარდა ამისა ეს რკინიგზა ხელს შეუშლიდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის წონას, რაც მთავარია აფხაზების პოზიცია იყო კატეგორიული, აფხაზები თვლიდნენ, რომ ამ რკინიგზის ამუშავება ხელს შეუშლიდა ეკოლოგიას, სინამდვილეში ეკოლოგიაზე კი არ ზრუნავდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები მოახერხებდენ სარკინიგზო მაგისტრალის ხელში ჩაგდებას და იშოვიდნენ ფულს აფხაზეთის ხარჯზე, ამიტომ გაჩერდა ეს ყველაფერი. ასე, რომ ეს გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია, მარტო რუსეთის და სომხეთის, საქართველოს პოზიცია არ კმარა, აქ საჭიროა აზერბაიჯანისა და თურქეთის პოზიციის გათვალისწინება და როგორც ვხედავთ აფხაზების აზრის გათვალისწინებაც.
12.06.14
ლანა წურწუმია