ბაქოში საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის, ლაშა ხუციშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, აიდინ ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობის ჭრილში აზერბაიჯანისა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და დაგეგმვა იყო.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლების გაუმჯობესება. შესაბამისად, მხარეები საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმების პროექტს მოამზადებენ და ხელმოსაწერად მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ყოვლწლიურ სესიაზე წარადგენენ.
ამასთან, ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივის “საზღვრის ინტეგრირებული მართვა” ფარგლებში, ერთობლივ საპროექტო წინადადებათა პაკეტი მომზადდება.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების გამტარიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც წითელ ხიდთან ახლომდებარე, დამატებითი გამშვები პუნქტის ამოქმედების მიმართულებით იმუშავებს.
24.04.13