ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში შესაძლოა მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს, – ამის შესახებ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან არჩევნების პირველადი შედეგები წარმოადგინა.
“ახლა არის დათვლილი 101 უბანი, რაც არის დაახლოებით 13% თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარი შედეგი, თუმცა, ამ მონაცემებიდან როგორც ირკვევა, შესაძლებელია თბილისში მეორე ტური გაიმართოს. ჯერჯერობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ამის ალბათობა ამ მონაცემებით ნამდვილად არსებობს”,-აღნიშნა ჟვანიამ.
რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოს კანონმდებლობით აქვს ვადა, მაქსიმუმ 24 დღე, რომელიც ითვალისწინებს ყველა საარჩევნო სასამართლო დავის დასრულებასაც და თუ არ იქნება ასეთი დავები, ცესკო საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოცხადებას უფრო ადრეც შეძლებს.
16.06.14