18 ივნისს სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის – ლევან ყიფიანის და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგს ასევე ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – მამუკა ყიზილაშვილი და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი – ადამ ოქრუაშვილი.
ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღინიშნა გუნდისთვის დღეს არსებულ ძირითადი პრობლემა – თბილისში ნაკრებისთვის სავარჯიშო დარბაზისა და ბაზის უქონლობა.
ეროვნული ნაკრები უკვე წლებია ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და თბილისში უნდა გაჩნდეს თანამედროვე სტანდარტების დარბაზი, რომელიც საქართველოში ძიუდოს განვითარების ბაზა გახდება.
დღეისათვის კაპიტალურად რემონტდება დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემია, სადაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს.
სასმინისტრო ყველა ღონეს იხმარეს იმისათვის, რომ აღნიშნული დარბაზი, რომელიც მერიის ბალანსზე იმყოფება, სრულად რეაბილიტაციის და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ძიუდოს ფედერაციას მფლობელობაში გადავა. აღსანიშნავია ასევე, რომ მსოფლიოს ორგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონ ძიუდოს ეროვნულ ნაკრების წევრებს 13 ივნისს საქართველოის პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ძიუდოისტებს 2014 წელს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხარში უდგას ძიუდოს ფედერაციას, უზრუნველყოფს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყველა შეკრებას, ეროვნულ ჩემპიონატებში, საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობას, ასევე მათ პრემირებას მიღწეული სპორტული შედეგებისათვის.
პრემიერ-მინისტრმა ლევან ყიფიანს პირადი დავალება მისცა, რომ უახლოეს მომავალში ძიუდოს ფედერაციისათვის ინფრასტრუქტურული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.-
https://www.youtube.com/watch?
18.06.14