კიევში, სააკაშვილი და მარგველაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ მოსაცდელ ოთახში, ზუსტად 1 წუთით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხმები, საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან გამართული შეხვედრის გადაფარვის მცდელობას წარმოადგენდა.
“ცალსახად მიზანმიმართული იყო ის ინფორმაციები, რაც გავრცელდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მარგველაშვილი შეხვედროდა ბაიდენს და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრს ეს არ მოეწონა. გარკვეულწილად იყო ბლოკირება ბევრი თემის – სად წავიდოდა პრეზიდენტი, სად არ წავიდოდა.
შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი და მარგველაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს მოსაცდელ ოთახში, ზუსტად ერთი წუთით, როცა ერთდროულად შევიდნენ ოთახში. მათ არ უსაუბრიათ, რადგან არანაირი სურვილი არ აქვს გიორგის ესაუბროს სააკაშვილს. ვფიქრობ, იყო მცდელობა გადაეფარათ ბაიდენთან შეხვედრა”, – განაცხადა მაჭავარიანმა და
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის არ მოეწონა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პირველი პირის შეხვედრა, ყოფილმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ დასკვნები თავად უნდა გამოვიტანოთ.
19.06.14