ჩვენმა რესპოდენტმა ახლახან მნიშვნელვანი ტიტული მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონმა მკლავჭიდში ნინო მახარაძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ჩემპიონატზე მონაწილეობდა 16 ქვეყნის 24 მკლავჭიდელი გოგონა. ნინომ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეებს და მე-4 ადგილს დაეუფლა. ,,თბილისი თაიმსს“ ახალგაზრდა მკლავჭიდელი ნინო მახარაძე ესაუბრა.
პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენს შესახებ,გააცანით მკითხველს თავი.
ვარ ნინო მახარაძე 22 წლის, ვსწავლობ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, ვარ სპორტსმენი, უკვე 5 წელია მკლავჭიდში აქტიურად ვარ ჩართული, ეს სპორტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოპოვებული მაქვს 26-ტიტული.
როდიდან მისდევთ სპორტის ამ სახეობას და რატომ მაინცდამაინც მკლავჭიდი?
2009 წელს ბათუმში პირველად ჩატარდა ხელვეჩაურის ტურნირი, სადაც შემთხვევით მოვხდი და პირველი ადგილი ავიღე, მას შემდეგ, გოჩა შავაძემ შემომთავაზა აღნიშნულ სპორტი გამეგრძელებინა,უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან ბავშვობიდანვე მიზიდავდა ეს სპორტი, ძლიერი სპორტია და ჩემს თავს გამოცდა ჩავუტარე, თუ რამდენად შემეძლო შედეგის დადება. ამჟამად ვარ საქართველოს მკლავჭიდის ნაკრების წევრი.
იყო თუ არა წინააღმდეგობა ოჯახში,როცა გადაწყვიტეთ სპორტით სერიოზულად დაკავებულიყავით? რა რეაქცია აქვთ თქვენს გარშემომყოფებს,როცა თქვენს შესახებ იგებენ?
არანაირი წინააღმდეგობა, პირიქით, მშობლები ძალიან გახარებულები არიან, როცა ხედავენ თუ რა ენთუზიაზმით ვარ ამ სპორტში და ყველანაირად მხარში მიდგანან. შეძლებისდაგვარად, მამა დამყვება ტურნირებზე, მამხნევებს და გულშემმატკივრობს. გარშემომყოფების აზრი დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ ბევრი უარყოფითად არის განწყობილი, ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ქალი მკლავჭიდში მათთვის მიუღებელია, მაგრამ ჩემთვის მათი შეხედულებაა მიუღებელი, ბევრს მოსწონს და მიმეგობრდება, მაგალითად, ვინც იცის სპორტი რას ნიშნავს.
მანდილოსანითვის რამდენად რთულია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, მითუმეტეს, საქართველოში?
მინდა ვაღიარო, ძალიან რთულია ამ სპორტში შედეგს მიაღწიო, რადგან ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს, ამას ბევრი მანდილოსანი ვერ შეძლებს, თუმცა მთავარი მაინც მონდომებაა. ძალიან დიდი ენერგია სჭირდება ყოვლდღიურ ვარჯიშებს, მძიმე წონების გამოყენებასა და დატვირთული ვარჯიშების შესრულებას.
რა ტიტულები გაქვთ მოპოვებული?
საქართველოს პირველობა მოვიპოვე 3-ჯერ, 4-ჯერ აჭარის პირველობა, ასევე 4-ჯერ 2008 წელს დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი ტურნირის პირველობა, უნივერსიადები და ღია ტურნირების პირველობა. 23 მაის ბაქოში ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე მე-4-ე ადგილი ავიღე. ძალიან რთულია ევროპის დონეს გაუმკლავდე, მაგრამ მე უკეთესი შედეგი შემეძლო უბრალოდ რაღაც ნიუანსები იყო, რასაც საქართველოში ყურადღებას არ ვაქცევდით.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ისევ და ისევ აქტიურად ვვარჯიშობ, სექტემბერში მინდა წავიდე მსოფლიოს ჩემპიონატზე და აუცილებლად მოვიგო თუ, რა თქმა უნდა, იქნება დაფინანსება. ვაგრძელებ ამ სპორტს და დიდი სურვილი მაქვს გოგონების რაოდენობა გავზარდო ამ სახეობაში. სპორტული აქტიურობით შეიარაღებულ ძალების ნორმატივები ჩავაბარე და სამხედროში ვიწყებ მუშაობას კონტრაქტით.
სახელმწიფოს მხრიდან თუ არის გარკვეული დაფინანსება და რამდენად ხდება ამ სპორტის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში?
რადგან ოლიმპიური სპორტი არაა მკლავჭიდი დაფინანსება ნაკლებადაა, ბედნიერი ვიქნები თუ საქართველოში გაიზრდება სახელმწიფოს მხრიდან ამ სპორტის მხარდაჭერა.
19.06.14
ლანა წურწუმია