პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის განცხადება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაზე შეაფასა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის განცხადებით, ორ ადამიანს შორის არსებული დაპირისპირება არ ნიშნავს ინსტიტუციებს შორის დაპირისპირებას.
“ადამიანები ვართ ყველანი, შეიძლება ორ ადამიანს შორის ყოველთვის იყოს რაღაც თემაზე გაუგებრობა, მაგრამ ეს არანაირად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ინსტიტუციებს შორის არის პრობლემა. არანაირად აბსოლუტურად. შემიძლია მაგალითიც გითხრათ, გუშინ იყო სომხეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა და რამდენიმე მინისტრი, რომელთა კოლეგებიც ჩამობრძანდნენ სომხეთიდან, ვესწრებოდით სრულ ფორმატში. მოღალატე მინისტრებს რაც შეეხება, მე არ ვიცნობ ეგეთ მინისტრს და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სიმართლის 1% მაინც იყოს ამაში.” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა “მაესტროს 9”-ში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, მთავრობამ დისტანცია დაიჭირა პრეზიდენტისგან და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.
19.06.14