საქართველომ და ჩადის რესპუბლიკამ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
ჩადის რესპუბლიკის მხრიდან ოქმს ამ სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა შერიფ მაჰამატ ზენიმ მოაწერა ხელი, საქართველოს მხრიდან კი – საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.
ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა.
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და ჩადის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობება გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.
საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გაერო-ს 179 წევრ სახელმწიფოსთან აკავშირებს.
20.06.14